დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი თავდასხმას 2022 წლის დასაწყისისთვის გეგმავს

რუსი სამხედრო

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. 

დაზვერვის მეთაურის თქმით, თავდასხმა შესაძლოა მოიცავდეს საჰაერო და საარტილერიო იერიშებს, ჯავშანტექნიკას, საზღვაო დესანტის გადასხმას ოდესასა და მარიუპოლში, ასევე მეზობელი ბელარუსიდან მცირე მასშტაბის შეტევებს.

ბუდანოვი ამბობს, რომ ეს თავდასხმა ბევრად უფრო გამანადგურებელი იქნება, ვიდრე 2014 წლის. 

პარასკევს, 19 ნოემბერს უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა Washington Post-თან თქვა, რომ ჯერჯერობით უცნობია გეგმა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა თუ არა. მაგრამ, როგორც ბუდანოვი ამბობს, ცხადი არის ის, რომ რუსეთი საკუთარ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, ზრდის სამხედროების რიცხვსა და შეიარაღებას ოკუპირებულ ყირიმში, ასევე საზღვრებთან ისკანდერის ტიპის მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების სისტემებს ამონტაჟებენ. 

ბუდანოვის თქმით, ასეთ თავდასხმებამდე რუსეთი უკრაინის შიგნიდან დესტაბილიზაციას შეეცდება. 

"მათ ქვეყანაში უფრო სახიფათო და რთული სიტუაციის შექმნა სურთ, უნდათ მთავრობა შევცვალოთ. თუ ამას ვერ იზამენ, მაშინ სამხედროები მიხედავენ საქმეს", – ამბობს უკრაინის დაზვერვის მეთაური. 

"არ ვიცით ზუსტად პუტინი რას აპირებს, მაგრამ ამ ქმედებებმა ჩვენი ყურადღება მიიქცია", – ამბობს ბუდანოვი. 

Military Times-თან საუბრის დროს ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ აშშ-სგან შეძენილი ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემაც გამოიყენა. ეს იარაღი კიევს აქამდე არ გამოუყენებია.


11 ნოემბერს გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ევროპას უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გეგმის შესახებ აფრთხილებდა. საკითხში გარკვეული ანონიმური წყაროების ცნობით, გამოცემა წერს, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა შესაძლო სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული შეშფოთების მიზეზები ევროპელ კოლეგებს გააცნეს. მათი შეფასება ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ამერიკელებს ევროპელებისთვის ჯერ არ გაუზიარებიათ, მაგრამ ეს მოუწევთ, იქამდე, სანამ რუსეთის საპირისპიროდ ერთობლივი მოქმედების გეგმას გადაწყვეტენ. მათ ვარაუდებს ზურგს უმაგრებს საჯაროდ არსებული ინფორმაციაც - ამბობენ ანონიმური წყაროები ამერიკიდან.

ასეთივე კრიზისი იყო ამ წლის გაზაფხულზეც, როდესაც NATO და აშშ შეშფოთებული იყვნენ უკრაინის საზღვრებთან ასიათასობით რუსი სამხედროს, მათი მძიმე ტექნიკისა და ავიაგამანადგურებლების თავმოყრით. კრიზისი მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სამიტის გამართვა შესთავაზა. სამიტი ივნისში ჩატარდა. 

უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების თავმოყრის გამო, ნოემბრის დასაწყისში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

ასევე, 9 ნოემბერს პუტინს ესაუბრა გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი, ანგელა მერკელი. მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, მოკავშირე ბელარუსზე გავლენა გამოეყენებინა და ევროკავშირის საზღვრებთან შექმნილი კრიზისი განემუხტა, რაზეც უარი მიიღო. მათ შორის საუბარი შედგა 10 ნოემბერსაც. ამჯერად პუტინმა დაგმო უკრაინის მიერ საბრძოლო დრონების გამოყენება, რასაც ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად თვლის. მან ასევე დაგმო აშშ-ს გემების აქტიურობა შავ ზღვაში.

პარალელურად შიშებს ზრდის პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრანტების კრიზისი, რაშიც დასავლეთში პუტინის ხელს ხედავენ. ასევე, ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნები რუსულ ბუნებრივ აირზე მეტად დამოკიდებულები არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. აშშ-ს ოფიციალური პირების აზრით, რუსეთი რეგიონის დესტაბილიზაციას ცდილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ ის უკეთ გაეცნო ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებას, აქამდე არსებული ინფორმაციისა და ახალ ფაქტებზე დაყრდნობით ბელარუსს "პოტენციური ფრონტის ხაზი" უწოდა. 

ამავე შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ენტონი ბლინკენმაც: "ჩვენი შეშფოთების მიზეზი არის ის, რომ რუსეთმა, შესაძლოა, დაუშვას სერიოზული შეცდომა 2014 წლის მოვლენების განმეორების მცდელობით". 


ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრა განაახლა. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, მათი ნაწილი ჩვეული დისლოკაციის ადგილს არ დაბრუნებია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებები მას შემდეგ განახლდა, რაც კრემლმა კიევის მიმართ საკუთარი პოლიტიკა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის კავშირი დასავლეთთან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენეს. პუტინმა თქვა, რომ NATO-ს ნებისმიერი სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზია. 

პარალელურად, დონბასში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც უკვე შვიდნახევარი წელი გრძელდება, ბოლო პერიოდში ახალ ეტაპზე გადავიდა. 26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცეს, რომ მათ სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს თურქული საბრძოლო დრონი – Bayraktar TB2.

შემთხვევას რუსეთის კრიტიკა მოჰყვა. კრემლის სპიკერმა, ვლადიმირ პესკოვმა თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში თურქული დრონების განთავსებამ შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ასევე, ურთიერთობა რუსეთსა და NATO-ს შორის განსაკუთრებით დაძაბულია. 18 ოქტომბერს მოსკოვმა საკუთარი დიპლომატიური მისია ბრიუსელში შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რვა რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა განაცხადა, რომ ზაპად 2021-ის ვარჯიშების დასრულების შემდეგ რუსულმა მხარემ უკრაინის საზღვართან ახლოს მყოფ საწვრთნელ პოლიგონებზე დატოვა სამხედრო აღჭურვილობა, ასევე კონტროლისა და კომუნიკაციის ცენტრები.

კომენტარები