Nord Stream 2

გერმანიამ ჩრდილოეთი ნაკადი 2 მილსადენის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა

Maxim Shemetov / Reuters

გერმანიის მარეგულირებელმა დროებით შეაჩერა მილსადენ ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის სერტიფიცირების პროცესი. პროცესის განახლებისთვის საჭიროა, გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად მილსადენის ოპერატორი კომპანიის შექმნა. ინფორმაცია ფედერალურმა სააგენტომ 16 ნოემბერს გაავრცელა.

განცხადების თანახმად, სერტიფიცირების პროცესი მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც შვეიცარიაში, ქალაქ ცუგში დაფუძნებული ოპერატორი Nord Stream 2-ი ძირითად აქტივებს და საკადრო რესურს შვილობილ გერმანულ კომპანიას გადასცემს. ამის შემდეგ მარეგულირებელი უწყება შეძლებს თავიდან გადაამოწმოს კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

"როცა ეს მოთხოვნები შესრულდება, ფედერალური სააგენტო შეძლებს განხილვის გაგრძელებას კანონით გათვალისწინებულ დარჩენილ ოთხი თვის ვადაში, [შეძლებს] მოამზადოს გადაწყვეტილების პროექტი და შიდა ბაზარზე კანონმდებლობასთან შესაბამისად გადაამისამართოს ის კომენტარისთვის ევროკომისიასთან" - ნათქვამია განცხადებაში.

სასერტიფიკაციო პროცესის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე გერმანიაში 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 1 046 დოლარამდე გაიზარდა, ნოემბრის დასაწყისში იმავე რაოდენობის გაზის ფასი 750 დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა უწყებამ დაადასტურა, რომ უკრაინული კომპანიები ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის სასერტიფიკაციო პროცესს ესწრებიან. როგორც პროცესზე დამსწრეებს, უკრაინის წარმომადგენლებს საკუთარი შეფასების გაკეთების უფლება აქვთ, თუმცა არ აქვთ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება. სასერტიფიკაციო პროცესში ასევე ჩართულია პოლონური კომპანია PGNiG-ი.

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა სექტემბერში დასრულდა. 8 ნოემბერს გაზპრომმა გამოცხადა, რომ პროექტი გაშვებისთვის მზად არის. იმავე დღეს გერმანიაში მისი სერტიფიცირების პროცესის განხილვა დაიწყო. ექსპერტების შეფასებით პროცესი შეიძლება მაისამდე გაიწელოს, რადგან ის ევროკომისიამაც უნდა განიხილოს.

კომენტარები