საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

ოკუპირებული ცხინვალი "შეშფოთებას" გამოთქვამს გოლოევის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებაზე

ოკუპირებული ცხინვალი "შეშფოთებას" გამოთქვამს საქართველოში 27 წლის თამაზ გოლოევის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებაზე და აცხადებს, რომ საქართველოში "გატაცების პრაქტიკა" განახლდა.

ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РЕС-ის მიხედვით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, კონსტანტინ კოჩიევმა ჟენევის მოლაპარაკებებში განაცხადა.

"სტუდენტი თამაზ გოლოევი მეზობელ ქვეყანაში საქმიანი ვიზიტის დროს გაიტაცეს და ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მისი ბედით. ეს ძალიან ნეგატიური სიგნალია ჩვენი პროცესისთვის, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ დისკუსიებისთვის," - განაცხადა კოჩიევმა.


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 22 აპრილს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი 27 წლის თამაზ გოლოევია (გოლოთი). გამოცემის ცნობით, მამით ოსი და დედით ქართველი თამაზი ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.

რადიო თავისუფლება ბრალდებულის დედას ესაუბრა. მათი ინფორმაციით, თამაზი თბილისში ახალგორიდან 2026 წლის 22 აპრილს, დილით ჩავიდა და ჩასვლისთანავე დააკავეს. დედამ ეს ინფორმაცია ტელევიზორიდან გაიგო, თბილისში ჩამოვიდა, თუმცა არ მისცეს შვილთან შეხვედრის საშუალება.

საქართველოს პროკურატურამ გოლოევს და კიდევ 2 პირს ბრალდება დღეს წარუდგინა. მათ წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები