რუსეთი-სომხეთი

ზახაროვა: სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე საკუთარი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთის მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ქვეყანა უნდა "გადაარჩინონ."

"[სომხეთის მოქალაქეებს] ახლა ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი," - განაცხადა მან.

ზახაროვას თქმით, რუსეთს სომეხი ხალხის წინააღმდეგ "არასდროს უმოქმედია."

"[რუსეთი] ყველანაირად უჭერდა მხარს [სომეხ ხალხს], ეხმარებოდა და ზოგჯერ უბრალოდ გადაარჩინა. თუმცა, ეს სომხეთის მოქალაქეებზეა დამოკიდებული," - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

აქამდე, გამოცემა Reuters დასავლურ დაზვერვასა და მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსეთმა გააძლიერა ფარული ძალისხმევა, რათა გაზარდოს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ზეგავლენა, რადგან შიშობს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკას დასავლეთთან დააახლოებს.

დასავლური დაზვერვის ხუთი მაღალჩინოსნისა და Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტების თანახმად, 7 ივნისის არჩევნებამდე მოსკოვის გეგმები მოიცავდა პრორუსი კანდიდატების სასარგებლოდ დეზინფორმაციის კამპანიებს და სქემას, რომლის მიხედვითაც ათიათასობით რუსი სომეხი უნდა ჩასულიყო ქვეყანაში არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

 

კომენტარები