სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

"გააგდეთ აქედან, კაცო" – გურამ მაჭარაშვილი ედუარდ მარიკაშვილზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების კანონპროექტის განხილვისას ქართული ოცნების დეპუტატები, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე და გურამ მაჭარაშვილი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარეს, ედუარდ მარიკაშვილს დაუპირისპირდნენ. 

ოცნების დეპუტატებისა და მარიკაშვილის დაპირისპირება მის მიმართვას მოჰყვა. 

"თქვენ სიჩქარე გაქვთ ძალიან აკრეფილი, ეს გულისხმობს იმას, რომ ვერაფერი ვერ შეგაჩერებთ ამ ეტაპზე, რომ თქვენ თქვენი პოლიტიკური გავლენები გაავრცელოთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე. [...] ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგარქვათ სახელი - დავარქვათ თქვენს გადაწყვეტილებებს სახელი, რომ ეს სახელი შემდგომ გამოჩნდეს როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ჩვენმა მოსახლეობამ დაინახოს, თქვენ რა გქვიათ. ეს სახელი არის შემდეგი - თქვენ ყველანი ხართ ავტორიტარიზმის წარმომადგენლები. გიზი, ალუდა და ა.შ." - მიმართა მარიკაშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს.   

ოცნების დეპუტატებმა მარიკაშვილს სიტყვის დამთავრების საშუალება არ მისცეს. "ბლატაობს აქ" - ასე უპასუხა მის კრიტიკას ალუდა ღუდუშაურმა. 

"გააფრთხილე, თუ არა, გააგდე აქედან, კაცო". - მიმართა სხდომის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს გურამ მაჭარაშვილმა.  

მანამდე, კანონპროექტის განხილვაზე ოცნების დეპუტატებს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ მიმართა.  

"ინსპექტორს გაუბედეთ, 288 გვერდი დაწერეთ და 1 კითხვა არ დაუსვით" – თოლორაია ოცნებას 

თოლორაია ოცნებას: სამშობიაროდან წინადადებას ვწერდი გაძლიერებაზე, თქვენ – გაუქმებაზე 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. 

კომენტარები