სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

"ინსპექტორზე შეშფოთება გამოვთქვით, მოვუწოდებთ გადადებისკენ" – დეგნანი დეპუტატებს შეხვდა 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი იყო. დეგნანის თქმით, ანრი ოხანაშვილსა და მიხეილ სარჯველაძეს კანონპროექტის განხილვის გადადებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ვაფასებთ კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შესაძლებლობას. გამოვთქვით შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ მუხლზე, რომელიც გულისხმობს უწყების ყველა თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ, მათ გვიპასუხეს შეკითხვებზე და, ვფიქრობ, ჩაინიშნეს ჩვენი შენიშვნები". – თქვა დეგნანმა.

დეგნანმა ასევე ისაუბრა საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე. ელჩის თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებს.

გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც შედის საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში. ეს შეეხება დისციპლინარულ პროცედურებს მოსამართლეებთან დაკავშირებით. ეს პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად, შესაბამისად, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება, რომ პროცესი უნდა იყოს უფრო ფართო და ინკლუზიური, სადაც ჩართული იქნება სხვადასხვა ექსპერტი და დაინტერესებული მხარე. შესაბამისად, გადაწყდება უფრო მეტი კონსულტაციის და ფიქრის შემდეგად იმის მიხედვით, თუ რა შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში.

ორივე შემთხვევაში ჩვენ მოვუწოდებთ კომიტეტებს წევრებს, რომ გადადონ განხილვის პროცესი. ისინი კონსულტაციების დაწყებას იანვარში აპირებენ". – თქვა დეგნანმა პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. 

კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს.

კომენტარები