სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ღარიბაშვილი თოლორაიას: ვთავაზობ მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში მოსვლას, ყველა კარი ღიაა

ირაკლი ღარიბაშვილი/ლონდა თოლორაია

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას, TV იმედის ეთერით, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება შესთავაზა. 

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას, პიროვნული მიზეზი არ აქვს და თოლორაიასთვის ყველა კარი ღიაა. 

"მე არ მინდა ინდივიდებზე ვილაპარაკო, ამ შემთხვევაში ქალბატონ ლონდა თოლორაიაზე, შემიძლია, საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო აქედან მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი კადრი, თუ მას აღარ მოუნდება კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, მას ყველა კარი აქვს ღია. ყველანაირი პიროვნული უნდა გამოირიცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და ამ ხედვას მივყვებით". - ამბობს ღარიბაშვილი. 

მისივე მტკიცებით, გადაწყვეტილება ამ სამსახურის გაჯანსაღებას და მისთვის კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებას ემსახურება. 

"მე დეტალებში არ მინდა შევიდე, პარლამენტს თავისი დღის წესრიგი აქვს. ვიცი, რომ თვის ბოლომდე ცდილობს პარლამენტი ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ ეს - სიჩქარე. რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი - არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, რეგლამენტი საპარლამენტო ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას, მაშინ, რატო არა. თუ არგუმენტი იქნება ის, რომ რატომ აღმოჩნდა ჩართულობა ოპოზიციის და ა.შ., ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში. 

შესაბამისად, ესა თუ ის რეფორმა ემსახურება გაჯანსაღებას, გაძლიერებას ამ სამსახურის და, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი უფლებები და მე მგონი ეს ყველაფერი კარგია". - ამბობს ღარიბაშვილი. 


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.

 

კომენტარები