სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და თანამდებობა გაუქმდება

შსს

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება და მის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება. პროექტს ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს განიხილავენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივაში განმარტებულია, რომ მოქმედი აქტების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობას სამი მიმართულებით ახორციელებს – პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი და გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიება. კანონპროექტის მიხედვით კი  სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლისა და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. 

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ახალშექმნილ საგამოძიებო სამსახურს საგამოძიებო ქვემდებარობა გაეზრდება და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე, პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი. 

"2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნება, რომელმაც ერთი მხრივ, შეითავსა მანამდე არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები, მეორე მხრივ კი, მას დაემატა კონკრეტული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება. მართალია, 2018 წელს რეფორმა განხორციელდა, მაგრამ აღნიშნული სფეროს ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების თვალსაზრისით გარკვეული საკითხები გადაუჭრელი დარჩა. კერძოდ, ამჟამად არსებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ითავსებს და ახორციელებს სამ ძირითად ფუნქციას, ამ ფუნქციების ერთი და იმავე სამსახურის მიერ შესრულება გულისხმობს, რომ ეს სამსახური უფლებამოსილია, ერთი მხრივ, გამოიძიოს გარკვეული დანაშაულები, ხოლო, მეორე მხრივ, გააკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება მაშინ, როცა დანაშაულის გამოძიება, ზოგადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა თავად გამომძიებლის მიერ დამუშავებასთან. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ამ სამსახურის მიერ გამოძიებისა და გამოძიების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების ფუნქციების აღრევას და იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. 

აქედან გამომდინარე, საჭიროა, გაიმიჯნოს აღნიშნული ფუნქციები და ისინი ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილებათა ფარგლებში მოექცეს, რაც უკეთ უზრუნველყოფს ამ ფუნქციათა ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას". - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

ტაბულა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუკავშირდა - უწყებაში ამბობენ, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. 

კომენტარები