სახელმწიფო ინსპექტორის სასმსახური

"ინსპექტორს გაუბედეთ, 288 გვერდი დაწერეთ და 1 კითხვა არ დაუსვით" – თოლორაია ოცნებას

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

პარლამენტში საპროცედურო საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა. მან დეპუტატებს რამდენიმე კითხვა დაუსვა: 

1) მაინტერესებს, კონკრეტული მაგალითები, როდის დაინახეთ პრობლემა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოძიების ფუნქციას შორის კვეთაში. სად დაინახა პარლამენტმა პრობლემები, კონკრეტული მაგალითები მჭირდება და თუ პარლამენტს ეს პრობლემები ჰქონდა, რატომ ვიგებ მე ამ კანონპროექტით, იმიტომ რომ ალბათ არსებობდა არაერთი ფორმატი, სადაც თქვენ შეგეძლოთ დაგეძახათ. მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც თქვენს დაძახებულზე არ მოვსულიყავი პარლამენტში და არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც კოლეგიალურობის ან ანგარიშვალდებულების პრინციპი დამერღვიოს

2) ჩამომითვალეთ კონკრეტული მუხლები, რომლებიც ქმნის უკეთეს გარანტიებს, რომელიც ქმნის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის. იმიტომ რომ ეს კანონპროექტი არის არსებული COPY PASTE და რაც არ არის COPY PASTE ამაზეც დავსვამ კითხვებს. მაინტერესებს, რითი აძლიერებთ ამ სამსახურს, გარანტიებს და ხელშეუხებლობას, რომ 2 წლის თავზე კვლავ არ შეცვალოთ ეს კანონი და კვლავ მოისროლოთ სანაგვეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი თანამშრომლები. 

3) თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვაუმჯობესებთ ვაუმჯობესებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვას, რატომ არ არის ასახული ინსპექტორის სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში გათვალისწინებული პროგრესული სიახლეები და რატომ არის არსებულის COPY PASTE? 

4) თუ ვაძლიერებთ საგამოძიებო სამსახურს და მე მინდა ვთქვა, რომ ლონდა თოლორაია არასდროს იქნება პროგრესის წინააღმდეგი. რატომ არ არის გათვალისწინებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რატომ არ არის გათვალისწინებული არასამთავრობო სექტორის მიერ გაცემული ბევრად საინტერესო რეკომენდაციები. რატომ არ არის არცერთი გამოწვევა ამ კანონპროექტში ასახული? 

5) მუხლები, რომლებიც ემატება, მაინტერესებს სტატისტიკას თუ ფლობთ, რამდენ შემთხვევაში იყო ეს მუხლები ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, იმიტომ რომ თქვენ ამის პრეცედენტებს ვერ ნახავთ.  გენერალური პროკურორის ანგარიშსაც ჩახედეთ რამდენ დანაშაულს ნახავთ სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში? ამიტომ ეს მუხლები არის თვალის ახვევის მცდელობა, თითქოს რეფორმას ვატარებთ, რაც ასე არ არის. 

6) თუ ეს მუხლი ქმედითია, რატომ ვერ გაუბედეთ გენპროკურატურას, რომ პროკურორებიც მოგეცვათ, მაშინ, როდესაც გაუბედეთ ინსპექტორის სამსახურს, რომ 288 გვერდი კანონპროექტი დაწერეთ ისე, რომ 1 შეკითხვა არ დაგესვათ. ლონდა, ასე ვაკეთებთ და იქნებ ტაშს ვუკრავდით ამ კანონპროექტს. ძალიან მაინტერესებს რატომ ჩაითვალა ინსპექტორის სამსახური ასე უმნიშვნელოდ, რომ არც ერთი კითხვა არ დაგისვამთ. 

7) რომელ ევროპულ ქვეყანაში უქმდება არჩევითი თანამდებობა პარლამენტის მიერ და დამისახელეთ ამისი პრეცედენტი თუ ყოფილა და ასევე დამისახელეთ საქართველოში მაგალითი, როდესაც უწყებების გაყოფის დროს. რატომ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია და რატომ არ ნაწილდებიან თანამშრომლები ორ სამსახურში?

8) გავიგე რომ ეს კანონპროექტი შემუშავების პროცესშია და მონაწილეობა არ მივიღეთ, ამის ღირსად არ ჩავითვალეთ. რატომ არ გამოგვეგზავნა, თუნდაც უკვე დაინიცირებული კანონპროექტი, რომელზეც ჩვენ უნდა გვქონოდა მეტი ინფორმაცია.

"ეს დამოკიდებულება, რითი დავიმსახურე ან პირადად მე, ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ - მე წინადადებას ვწერდი გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე. ელემენტარული, მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა - ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ. მინიმუმ, სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი და, ალბათ უნდა გეთქვათ, რომ აზრი არ აქვს, თავს ნუ იკლავ ამ ყველაფერზე, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ".- თქვა თოლორაიამ. 

კონკრეტული კითხვების მიუხედავად, მმართველი გუნდის წევრებისგან პასუხების არ მიღების გამო, ლონდა თოლორაიამ კომიტეტის სხდომა დატოვა. 

"ვერც ერთ კითხვაზე საგნობრივი პასუხი ვერ მივიღე, მე დაგტოვებთ"- თქვა ლონდა თოლორაიამ. 


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. 

კომენტარები