კორონავირუსი მსოფლიოში

სამხრეთ აფრიკელი ექიმის თქმით, ომიკრონით ინფიცირებულებს ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვთ

Reuters

სამხრეთ აფრიკელი ექიმის და ქვეყნის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარის, ანჟელიკ კოეტზეს თქმით, კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით ინფიცირებულების სიმპტომები განსხვავდება დელტა შტამით ინფიცირებულთა სიმპტომებისგან, თუმცა ისინი ძალიან მსუბუქი იყო და მათი მკურნალობა სახლშიც შესაძლებელია. კოეტზემ ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მესამე ტალღის დროს ჩვენ ვნახეთ ბევრი პაციენტი, რომელიც დელტა შტამით იყო ინფიცირებული, თუმცა ეს არ ჯდება კლინიკურ სურათში. ექიმები ხედავენ, რომ ომიკრონით ინფიცირებულთა უმეტესობას ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვთ". – თქვა ექიმმა. 

კოეტზეს თქმით, დელტა შტამისგან განსხვავებით, ომიკრონით ინფიცირებულ პაციენტებს არ დაუკარგავთ სუნისა და გემოს შეგრძნება, ასევე, ახალი შტამით ინფიცირებულებში ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა არ გამოვლენილა.

მსოფლიოს ქვეყნები შტამ ომირკონის საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ისრაელი, ავსტრალია, ჩეხეთი იმ ქვეყანათა შორის არიან, რომლებმაც უკვე დაადასტურეს შტამ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები.

ქვეყნები ახალი შტამით ინფიცირების პრევენციის მიზნით უკვე აწესებენ შეზღუდვებს. ისრაელის მთავრობამ ომირკონის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 2 კვირით უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა. შეზღუდვები ასევე დააწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ.

შტამ ომიკრონის გავრცელების გამო აფრიკის 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციები დააწესა საქართველოს მთავრობამაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გავრცელებული შტამი უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.  მიუხედავად ამისა, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ნაჩქარევად არ შემოიღონ მოგზაურობაზე შეზღუდვები და "რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული მიდგომით" იხელმძღვანელონ.

Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდება, კომპანიას შეძლებს 100 დღეში ვაქცინის განახლებული ვერსია შეიმუშაოს და მისი მიწოდებისთვის მზად იყოს. ომიკრონის ვაქცინაზე მუშაობას კომპანია Novavax-იც.

კომენტარები