კორონავირუსი მსოფლიოში

ჯანმოს ხელმძღვანელი: ნაადრევია, ქვეყნებმა COVID-19-ზე გამარჯვება გამოაცხადონ

Reuters

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ნაადრევია, ქვეყნებმა COVID-ზე გამარჯვება გამოაცხადონ და შეწყვიტონ ბრძოლა კორანავირუსის წინააღმდეგ. მისი განმარტებით, ვირუსი საშიშია და იგი ჩვენ თვალწინ ვითარდება. 

ორგანიზაციის ცნობით, უკანასკნელ 10 კვირაში, მას შემდეგ, რაც ომიკრონის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 მილიონს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ნაკლებად მძიმე სიმპტომები ახასიათებს, ომიკრონი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ. 

"შეშფოთებულები ვართ, რიგ ქვეყნებში გავრცელებულია ნარატივი - თითქოს ვაქცინისა და ომიკრონის სწრაფი გადაცემისა და მარტივი სიმპტომების გამო, კორონავირუსის პრევენცია შეუძლებელია და არასაჭიროა". - თქვა ჯანმოს დირექტორმა. 

საქართველოში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. პირველი თებერვლიდან ქვეყნის შიგნით, მწვანე პასპორტი სავალდებულო აღარ იქნება. ქვეყანაში, 30 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 710 914 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 333 296, რაც ზრდასრული მოსახლეობის 46.4%-ია. 

2 თებერვლის მონაცემების მიხედვით, Covid 19-ით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 84 658 ტესტი და დადასტურდა 26 320 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 9 555 პაციენტი.

კომენტარები