კორონავირუსი მსოფლიოში

კვლევა: ევროპასა და აშშ-ში ლოკდაუნმა COVID-19-ით სიკვდილიანობა 0.2%-ით შეამცირა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, ლოკდაუნს Covid-19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე ძალიან მცირე გავლენა ჰქონდა.

კვლევის ავტორებმა მიმოიხილეს პანდემიასთან დაკავშირებული 24 კვლევა. კვლევისთვის თავდაპირველი 18 590 კვლევიდან 34 კვლევა აირჩია, რომლიდანაც საბოლოოდ მეტა ანალიზისთვის და მონაცემების შეჯამებისთვის 24 აღმოჩნდა შესაფერისი. ეს სამეცნიერო ნაშრომები იკვლევდა სიკვდილიანობაზე ლოკდაუნის სიმკაცრის, იზოლირების რეკომენდაციების და სპეციფიკური არაფარმაკოლოგიური ინტერვენციების გავლენას.

ავტორების მიხედვით, სამივე კატეგორიის კვლევების მიმოხილვა აჩვენებს, რომ ლოკდაუნს სიკვდილიანობაზე გავლენა თითქმის არ ჰქონია. უფრო ზუსტად კი, ლოკდაუნის სიმკაცრის კვლევები აჩვენებს, რომ ევროპასა და აშშ-ში ლოკდაუნმა Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა საშუალოდ მხოლოდ 0.2%-ით შეამცირა. იზოლირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ბრძანებები ასევე არაეფექტიანი იყო და სიკვდილიანობა საშუალოდ 2.9%-ით შეამცირეს. არ მოიძებნება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სპეციფიკური არაფარმაკოლოგიური ინტერვენციებს შესამჩნევი ეფექტი ჰქონდათ Covid-19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ კვლევების მიმოხილვა და მეტა ანალიზი აჩვენებს, რომ ლოკდაუნებს თითქმის არ ჰქონიათ გავლენა ჯანდაცვაზე, მაგრამ ყველგან, სადაც ლოკდაუნი შემოიღეს, ამ ზომამ გამოიწვია ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური ზარალი.

"ლოკდაუნის პოლიტიკა დაუსაბუთებელია და მომავალში არ უნდა იყოს გამოყენებული პანდემიასთან ბრძოლის საშუალებად." – ნათქვამია კვლევაში.

კომენტარები