COVID-19

რა ვიცით COVID-19-ის ახალი, სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ? 

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამი გავრცელდა, რომელიც უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

ახალი ვარიანტის სახელწოდებაა B.1.1.529 და ის 50-მდე მუტაციას შეიცავს, მისი ცილოვანი სტრუქტურა კი – 30-ზე მეტს.

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, მისი არსებობა შემაშფოთებელია, რადგან სავარაუდოა, რომ მუტაციების სიჭარბემ ვირუსს გავრცელების შესაძლებლობები გაუზარდოს და იმუნურ სისტემაში შეღწევა გაუმარტივოს. 

"B.1.1.529 ვარიანტი იმაზე გაცილებით მეტ მუტაციებს შეიცავს, ვიდრე ამას ჩვენ მოველოდით. ის ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება და, სავარაუდოა, რომ მომდევნო კვირებში ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა გაიზარდოს. 

ამ ვირუსის სრული შესაძლებლობები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა მის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება, რომელიც ჩვენ გვაქვს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაა". – ამბობს ეპიდემიური ცენტრის ხელმძღვანელი, ტულიო დე ოლივიერა. 

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) ახალი ვარიანტისთვის კლასიფიკაცია ჯერაც არ მიუნიჭებია. The Guardian-ის ინფორმაციით, ჯანმო გადაწყვეტილებას 26 ნოემბრის შეხვედრაზე მიიღებს. სავარაუდოდ, შტამს სახელიც შეეცვლება და ბერძნული ანბანის რიგით მეცამეტე ასოს სახელწოდება, ნიუ მიენიჭება.

ამჟამინდელი მონაცემებით, ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაშია გავრცელებული, თუმცა ერთი შემთხვევა ჰონგ-კონგშიც გამოვლინდა, ინფიცირებული მოქალაქე რამდენიმე დღით ადრე აფრიკაში მოგზაურობდა.  

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტის გავრცელების შემთხვევები ამჟამად საკმაოდ დაბალია, გაერთიანებულმა სამეფომ სამხრეთ აფრიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანიდან, ზიმბაბვედან და ლესოთოდან ფრენები დროებით შეაჩერა.

ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება უცნობი შესაძლებლობების შტამის გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს ისრაელიც. 

"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვარიანტი, რომელიც ჩვენ დღემდე შეგვხვედრია. ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი კვლევები, რათა გავიგოთ მეტი ინფორმაცია მისი გავრცელების, სიმძიმისა და ვაქცინისადმი მგრძნობელობის შესახებ". – ამბობს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯენი ჰარისი.

კომენტარები