პოლიტიკური კრიზისი

"ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას სასამართლოებში წავიღებთ" – ბეჟაშვილი

ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი გამართულ ბრიფინგზე ამბობს, რომ 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრების მიერ ბიუჯეტის დამტკიცება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და პარტია აპირებს, რომ პროცესი სასამართლოში გაასაჩივროს.

"ვადაგასული საკრებულოების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 თავით განსაზღვრული თვითმმართველობის ორგანიზების წარმომადგენლობითობისა და ექსკლუზიურობის პრინციპებს, ვინაიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის ექსკლუზიური უფლებამოსალიება საკრებულოსი და, მათ შორის, ახლადარჩეული საკრებულოსი, განსაზღვროს შემდეგი 4 წლის განმავლობაში საბიუჯეტო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და სახელმწიფო ბიუჯეტი არის ძირითადი წყარო ადგილიბრივი ბიუჯეტის ფინანსებისა, ხელისუფლების მოქმედება, რომ ვადაგასულ საკრებულოებს დაემტკიცებინათ ბიუჯეტი, არის ხელისუფლების მიტაცების ფაქტი". - ამბობს ბეჟაშვილი.

ბეჟაშვილის თქმით, არგუმენტი, რომ ძველი საკრებულოებს უფლება ახალი საკრებულოების შეკრებამდე უნარჩუნდებათ, არარელევანტურია, რადგან, მისივე სიტყვებით, ეს ნორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ საკრებულოების არჩევნები გადავადდებოდა ან ბათილად გამოცხადდებოდა.

"მაშინ, როცა ახალი საკრებულოები არჩეულია და ცესკოს უკვე განსაზღვრული ჰქონდა ვადა ახალი საკრებულოების სხდომის დანიშვნის, გუშინდელი მოქმედება იყო პირდაპირი დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ძალაუფლების მიტაცება, ყველაზე მძიმე დანაშაული. ბუნებრივია, აქ ცესკოსთან ერთად ქართულ ოცნებასაც ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად წავირებთ საასმართლოებში და აუცილებლად მოხდება ჩვენს ოპოზიციონერ საპარლამენტო კოლეგებთან ერთად  კონსტიტუციური წარდგინების მომზადება, ვინაიდან, ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულვებელყოთ, თუ ქვეყანაში სამართლიანობა და კანონიერება გვინდა". - ამბობს ის.  

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. როგორც წესი, ბიუჯეტის პროექტებს ახალი მოწვევის საკრებულოები დეკემბერში ამტკიცებენ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქებში ქართულმა ოცნებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, ნოემბრის ბოლოს ძველი მოწვევის დეპუტატებს დაამტკიცებინეს, ცესკომ კი ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ყველა ქალაქში 3 დეკემბერს ჩანიშნა. 

ბათუმის საკრებულოში პროსტესტს ასევე წინ უძღოდა 24 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ საკრებულოში მათი არჩეული დეპუტატისგან, ნუგზარ ფუტკარაძისგან ორი ადამიანი პარტიის დატოვებას და საკანონმდებლო ორგანოში "ნეიტრალურობის" შენარჩუნებას მოითხოვს. ენმ-ს ლიდერების ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძეს შესთავაზეს თანხაც, 100 000$-ის ოდენობით, სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ზეწოლაზე გადავიდნენ. მიზანი მისი გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძესთან აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე ენმ-ს სამი ადგილობრივი ლიდერი გამოკითხა

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, გამოძიება იმავე დღესვე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები