ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება

ენმ: საკრებულოში ჩვენს წევრზე გადაბირების მიზნით გარდაცვალებამდე ზეწოლას ახდენდნენ

სქრინი მთავარი არხის სიუჟეტიდან

ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოს არჩეულ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომელიც 6 დღის წინ გარდაიცვალა, არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დავალებით ზეწოლას ახდენდნენ. 

გიორგი კირთაძის ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით მიდიოდნენ ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები – ვაჟა თაბაგაძე და ბადრი ბაკურიძე. მიზანი მისი გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19. 

"ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრზე მიდიოდა ზეწოლა, თუმცა, ერთ-ერთი პირველი, ვისზეც დაიწყო და მიმდინარეობდა ზეწოლა, ეს გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მთელ ქვეყანას. 

ბატონ ნუგზართან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოსავანი, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ვაჟა თაბაგიძე ასლან აბაშიძის დროს იკავებდა აჭარის სამძებროს უფროსის პოზიციას, ხოლო ბადრი ბაკურიძე იკავებდა ბათუმის უშიშროების უფროსის პოზიციას. ორივე მათგანს მოუწია აჭარიდან წასვლა და მხოლოდ ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ხელისუფლებაში ისინი დაბრუნდნენ ჩვენს ქალაქში. მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზართან, ის პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ, როცა ეს უკვე გაუსაძლისი გახდა, მან დაიწყო ჩანაწერების გაკეთება და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე. ჩანაწერი არის აუდიო სახის და მასში კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდნენ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ბატონ ნუგზარს 100 000$-ს, თან 20%-ს სთხოვდნენ უკვე. პირადად დათო რიჟვაძე ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს". – თქვა გიორგი კირთაძემ. 

ენმ-ს წევრებმა ბრიფინგზე აუდიო ჩანაწერი გაუშვეს, სადაც ისმის, რომ საკრებულოს ოპოზიციურ წევრს "ნეიტრალურობას" სთხოვენ, თუმცა, მასში მოქმედი ადამიანების იდენტიფიცირებას ტაბულა ვერ შეძლებს. 

"ზეწოლა ბატონ ნუგზარზე მოგვიანებით დაიწყო. ეს ჩანაწერი ბევრად ადრე არის გაკეთებული, სწორედ ამიტომაც, 5 ნოემბერს ჩვენ ყველა ერთად შევიკრიბეთ და მოვუწოდეთ დათო და თორნიკე რიჟვაძეებს, რომ თავი დაენებებინათ ჩვენი ფრაქციის წევრებისგან. ოდნავ მაინც რომ მუშაობდეს ინსტიტუტები ამ ქვეყანაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ნუგზარი ჩვენ გვერდით იქნებოდა დღეს. ის გარდაიცვალა შაქრის მაღალ დონეზე აწევით, რასაც ცალსახად იწვევს ნერვიულობა და ის როგორ ნერვიულობდა ამ ყველაფერზე, ყველა კარგად ვხედავთ". – ამბობს გიორგი კირთაძე. 

ბათუმის საკრებულოს არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა

კომენტარები