ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება

რიჟვაძე ენმ-ზე: თუ ჩემი ოჯახის წევრი ჩანაწერებში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშს

იმედი/კადრი ვიდეოდან

აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, მამამისის, დავით რიჟვაძის დავალებით და ორგანიზებით ბათუმის საკრებულოს ახლა უკვე გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, გადაბირების მიზნით, ზეწოლას ახდენდნენ. 

ენმ-ს წევრებმა ბრიფინგზე აუდიო ჩანაწერიც გამოაქვეყნეს, სადაც ისმის, რომ ტაბულასთვის უცნობი ადამიანები საკრებულოს მაჟორიტარს ნეიტრალურობას სთხოვენ. 

"მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები. ახლა რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ ჩანაწერებს, ბუნებრივია, ამაზე და მათ შინაარსზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა, მერწმუნეთ, რომ თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას". – თქვა თორნიკე რიჟვაძემ. 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19. სწორედ ამ მიზეზით, გადაბირების მიზნით, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კირთაძის ცნობით, ხელისუფლების დავალებით დაიწყეს მოლაპარაკებები სხვადასხვა ფრაქციის წევრებთან, მათ შორის ნუგზარ ფუტკარაძესთან. 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები