მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სუს ენმ-ზე: გეგმავენ სახელმწიფო შენობების პიკეტს, განიხილება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც

სუს-ი აცხადებს, რომ ოპოზიცია სახელმწიფო შენობების პიკეტს გეგმავს და  განიხილება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც.

უწყების "ოპერატიული ინფორმაციით", აქციის ორგანიზატორები გეგმავენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით. 

"სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც".- აცხადებს სუს-ი. 

მათივე ცნობით, ოპოზიცია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ცდილობს. 

"იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.ნ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის, დამნაშავეები კი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს".- აცხადებს სუს-ი. 

6 ნოემბერს ოპოზიციის აქცია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აღარ გაიმართება. ამის ნაცვლად ოპოზიცია რუსთავის ციხესთან შეკრებას და იქ დარჩენას გეგმავს იქამდე, სანამ მოშიმშილე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. 


მიხეილ სააკაშვილი 36 დღეა, შიმშილობს. ხელისუფლება მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის იქ გადაყვანის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბუნტს მოაწყობენ. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები