არჩევნები 2021

რა წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში – ძირითადი საკითხები

ტაბულა

ეუთო/ოდირმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე წინასწარი მიგნებები და დასკვნები გამოაქვეყნა. ანგარიში არჩევნების მეორე ტურს მთლიანობაში დადებითად აფასებს, თუმცა საარჩევნო პროცესში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს.

ანგარიშის მიხედვით, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა უწყვეტმა პოლარიზაციამ და ნეგატიური რიტორიკის გამწვავებამ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. ისევე როგორც არჩევნების პირველ ტურში წინასაარჩევნო კამპანია ფოკუსირებული იყო ეროვნულ საკითხებზე და დაიჩრდილა ადგილობრივი საკითხები და პრობლემები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მეორე ტურის წინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეინარჩუნა ფოკუსი ეროვნულ საკითხებზე და თავის მხრივ ქართულმა ოცნებამაც მეორე ტურისთვის სტრატეგია შეცვალა, უფრო გააძლიერა ყურადღება ეროვნულ საკითხებზე.

სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მერე ტურშიც შენარჩუნდა ბრალდებები დაშინებისა და ზეწოლის შესახებ. ისევე როგორც პირველი ტურის შემდეგ, ანგარიშში აღნიშნულია ქართული ოცნების "შეუსაბამო უპირატესობა", რომელიც ხელისუფლებაში ყოფნითა და რესურსებში მკვეთრი სხვაობით არის განპირობებული.

რესურსებს შორის მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა და მართველი პარტიას უპირატესობა მისცა. კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შემცირდა არასაკმარისი კონტროლის გამო

სადამკვირვებლო მისიამ ასევე შეაფასა კამპანიების ფინანსური ანგარიშების შემოწმების მექანიზმი. ანგარიშში აღნიშნავს, რომ საარჩევნო სუბიექტებს ფინანსური ანგარიშის წარდგენა, მეორე ტურამდე სამი დღით ადრე ევალებათ, რაც დროული შემოწმების საშუალებას ზღუდავს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამ შესაძლო დარღვევაზე წარმოებული გამოძიებები არჩევნების მეორე ტურამდე ჯერ კიდევ გრძელდებოდა. მთლიანობაში, დაჩქარებული ვადების არარსებობა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფორმალისტური მიდგომა იწვევდა შეშფოთებას, რომ მარეგულირებელი ჩარჩო არასაკმარისია, ხოლო კონტროლი არაეფექტური

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით საარჩევნო დღემ მთლიანობაში მშვიდ გარემოში ჩაიარა. დამკვირვებლებმა მონახულებული უბნების უმეტესობაში, 52-იდან 48 უბანში, უბნების გახსნის და ხმების დათვლის პროცესი, პროცედურული ხარვეზების მიუხედავად, დადებითად შეაფასეს. რაც შეეხება არჩევნების დღეს ხარვეზებს, საარჩევნო უბნებს გარეთ პარტიების მხარდამჭერებს შორის მოხდა რამდენიმე დაპირისპირება. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი იქცეოდა პარტიის მხარდამჭერვით, რაც ხელისშემშლელი იყო პროცესისთვის, ხოლო უბნებს გარეთ გარკვეული ჯგუფებს შესაძლოა გავლენა მოეხდინათ ამომრჩევლებზე.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ესწრებოდნენ საარჩევო პროცესს, მოქმედებდნენ, როგორც პარტიების მხარდამჭერები და დროდადრო საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ. და ასევე, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ ცალკეული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, შეშფოთების საფუძველს ქმნიდა

ეუთო/ოდირი ასევე აფასებს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ანგარიშში აღნიშნულია, სამართლებრივი ჩარჩო კვლავაც არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებების ოფისისა და ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ დასკვნებს.

სამართლებრივი ჩარჩო, სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში, მთლიანობაში ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა ის მეტისმეტად გადატვირთულია და არაერთ შეუსაბამობას შეიცავს. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ვენეციის კომისიის მანამდე გაცემული ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავაც გაუთვალისწინებელია; მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვასთან, საარჩევნო დავებთან და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები

თუმცა ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დიდწილად ითვალისწინებს დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ამომრჩეველთა სიების განახლების, საარჩევნო კომისიების მანდატის და სადამკვირვებლო და მედიასაშუალებების აკრედიტაციის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

ანგარიშში ასევე განიხილავს პირველი ტურის შემდეგ ხმების გათავლის პროცესს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარკვეული პროცედურულმა ხარვეზებმა შეამცირა პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

ინფორმაცია შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 360 უბნის შედეგების გადათვლის დროისა და ადგილის შესახებ არ იყო სრულყოფილად მიწოდებული დაინტერესებული მხარეებისთვის, რაც უარყოფითად აისახა პროცესის გამჭვირვალობაზე. მიუხედავად იმისა, რომ გადათვლებმა მთლიანობაში ტაბულაციის პროცესის შემოწმების დამატებითი ფენა წარმოქმნა, არასაკმარისმა რეგულაციებმა გადათვლების არათანმიმდევრული ჩატარება განაპირობა, რამაც პროცესის ანგარიშვალდებულება შეამცირა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე შეაფასეს მედიაგარემო საქართველოში. ანგარიშის მიხედვით, მედიაგარემო კვლავ პოლარიზებით ხასიათდება და ბევრი ტელევიზია მიკერძოებულია ან მთავრობის ან ოპოზიციის მიმართ.

ძირითადმა კერძო ტელევიზიებმა შეინარჩუნეს გაშუქების შესაბამისი პოლიტიკური ხაზი და გაზარდეს მიკერძოებულობის ხარისხი, წარმოადგინეს რა მხარის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მკვეთრად გამოვლენილი აქტივიზმი. მედია საშუალებების უმრავლესობა ფოკუსირებული იყო ურთიერთთავდასხმების გაშუქებაზე, პარტიებსა და კანდიდატებს შორის ურთიერთბრალდებებზე, შეზღუდულად წარმოაჩენდა ზოგადად პოლიტიკის საკითხებსა ან ადგილობრივი მნიშვნელობის თემებს, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უზღუდავდა.

ეუთო/ოდირის ანგარიშის სრული, ოფიციალური ინგლსური ვერსია ხელმისაწვდომია აქ, ხოლო ანაგრიშის არაოფიციალურ ქართულ თარგმანს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურს აკვირდებოდა. მისიას ალბერტ იონსონი ხელმძღვანელობდა. მეორე ტურისთვის ქვეყანაში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის 16 წევრი დარჩე, ხოლო არჩევნების დღეს დაკვირვებაში მონაწილეობდა 150 მოკლევადიანი დამკვირვებელი. არჩევნების შეფასების საბოლოო ანგარიში სადამკვირვებლო მისიის დასრულებიდან 8 კვირის შემდეგ გამოქვეყნდება.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები