მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

6 ნოემბერს ოპოზიციის აქცია თავისუფლების მოედნის ნაცვლად რუსთავის ციხესთან გაიმართება

ანა გვარიშვილი/ტაბულა

6 ნოემბერს ოპოზიციის აქცია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აღარ გაიმართება. ამის ნაცვლად ოპოზიცია რუსთავის ციხესთან შეკრებას და იქ დარჩენას გეგმავს იქამდე, სანამ მოშიმშილე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. 

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ნიკა მელიამ მთელ საქართველოს მოუწოდა, რუსთავის ციხესთან გამართულ აქციას შეუერთდნენ. 

"ხვალ ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან 17:00 საათზე და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი, მაგრამ ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით და იქნება მზარდი. დრო და დრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, რეგიონიდან და სოფლიდან და იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, ხვალ, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება მთელი საქართველო უახლოეს პერიოდში, დამატებითი გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით დამატებით ვისაუბრებთ, რადგან წინასწარ არ გვაქვს სურვილი, ბიძინა ივანიშვილის დამნაშავის ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ, მაგრამ ხვალ, 17:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით. პარალელურად შემოგვიერთდება მთელი საქართველო და არ ვიშლებით, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში". –თქვა ნიკა მელიამ. 

6 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე აქცია ოპოზიციის ლიდერებმა 31 ოქტომბერს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დააანონსეს

მიხეილ სააკაშვილი 35 დღეა, შიმშილობს. ხელისუფლება მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის იქ გადაყვანის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბუნტს მოაწყობენ. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები