მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: გადავწყვიტე, დავიწყო შიმშილობა პარლამენტის შენობაში

დროა

მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია შიმშილობას იწყებს. ხოშტარიას თქმით, პარლამენტის შენობაში იმ მომენტამდე იშიმშილებს, სანამ მიხეილ სააკშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები არ მოიხსნება.

"მე გადავწყვიტე, რომ პარლამენტში, შენობაში და ინსტიტუტში, რომელიც, ჩემი აზრით, არ არსებობს და რომელშიც მე არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ, დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, სანამ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის გარშემო გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები.

ეს არის ჩემი პროტესტის, ჩემი ბრძოლის ფორმა, თქვენ ალბათ ადევნებთ თვალყურს, ჩვენი კოალიციური ერთობა განცხადებებით და მოქმედებებით აპირებს ბრძოლას და უკან დახევას არ ვაპირებთ, ეს არის ჩემი ბრძოლის მეთოდი.

სამწუხაროა, რომ ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გაუქმებულია, მიტაცებულია ინსტიტუტები და ჩვენ გვიწევს მსგავსი უკიდურესი ფორმებით ბრძოლა, თუმცა თუ ეს ფორმები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს - დიახ, მე ვთვლი, რომ ეს არის ადეკვატური და აუცილებელი ფორმა", - თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, ერთადერთი რამ, რასაც ის შიმშილობის პერიოდში მიიღებს, წყალი იქნება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 34-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.   

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

კომენტარები