მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ადვოკატი სააკაშვილზე: ღამით ერთერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა

კადრი ვიდეოდან/ მთავარი არხი

"გუშინ ღამე, მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში, ერთერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც მაჩვენებელი დასტაბილურდა".- ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ. 

მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს კონსილიუმის რეკომენდაციას, რომ შიმშილობის იმ ფაზაში შედის სააკაშვილი, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. 

"კონსილიუმმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება მაგნიტორეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და დუპლექს-სკანირების გაკეთება. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის შეფასება, რომ ნომერ მე-18 დაწესებულებაში არ არის შესაძლებელი ეს ყველაფერი. შესაბამისად, აშკარაა რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას იმ პირობებში, როდესაც კარგად გვახსოვს, იგივე რატი ბრეგაძის განცხადება, რომ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით შეასრულებდნენ".- ამბობს საძაგლიშვილი. 

მისივე თქმით, ხელისუფლება, "ფაქტობრივად, წირავს მიხეილ სააკაშვილს და მის სიცოცხლეს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. 

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ და გლდანის მე-18 დაწესებულება განსაზღვრულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები