მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ექიმი სააკაშვილზე: გადასხმამ და მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, შიმშილობას არ წყვეტს

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო. მისივე თქმით, სააკაშვილი თანახმაა, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაიყვანონ.

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედარებით კარგი შედეგი გამოიღო. შიმშილობას არ წყვეტს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა, რომ გადაიყვანონ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში. თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საავადმყოფოში იქნება. დღეს გადასხმის საჭიროება არ იყო. შეიძლება, ღამე დასჭირდეს, შეიძლება, დილით დასჭირდეს". – თქვა ყიფშიძემ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 24-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები