მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"ყველას ვთხოვ, რომ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს" – მეუფე მელქისედეკი სააკაშვილს შეხვდა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მასთან მკურნალი ექიმი უნდა შევიდეს. მისივე თქმით, მან სააკაშვილთან შიმშილობის შეწყვეტაზეც ისაუბრა, თუმცა უარი მიიღო.

"მადლობა გადაგიხადათ ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის და ზოგადი მდგომარეობით. ძალიან მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით და მე მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ხელეწიფება, რომ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს, კარგი იქნება. ვუთხარი და ვურჩიე, ხომ არ იყო დრო, კორექტირება შეეტანა მის შიმშილობაში. მან უარი განაცხადა და თქვა, რომ გააგრძელებს შიმშილობას. პირდაპირ გეტყვით, მე ფერი არ მომეწონა, გასაგებია, ამდენი ხანი შიმშილობს". – თქვა მეუფე მელლქისედეკმა რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ.

13 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივიდა კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ დიდი იმედი აქვს, მიხეილ სააკაშვილი ციხეს დატოვებს.

11 ოქტომბერს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა და მეუფე მელქისედეკმა ხელი მოაწერეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პეტიციასაც.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-15 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები