მიხეილ სააკაშვილის დაკავება

საძაგლიშვილი: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება

მთავარი არხი

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, მესამე დღეა სააკაშვილის მონახულების ნებართვას ელოდება. ცოტა ხნის წინ, სასჯელაღმსრულების მე-12 დაწესებულებასთან  ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი, მივიდა, რომლის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა თანდათან უარესდება და აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა მოინახულოს ის.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სასჯელაღმსრულების დაწესებულებიდან მას პასუხი ჯერ არ აქვს მიღებული, იმედი მაქვს რომ მალე გაიცემა პასუხი, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება. მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდება, შიმშილობის სპეციპიკიდან გამომდინარე. ამ პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირადმა ექიმმა ისაუბრა მის დაავადებებზე, შესაბამისად მას აქვს სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე და უპრიანია, რომ სწორედ მას ჰქონდეს სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა". - ამბობს საძაგლიშვილი.

პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-13 დღეა შიმშილობს.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები