14 ივლისს ევროკავშირმა უკრაინასთან მოლაპარაკებების ფარგლებში მომდევნო კლასტერი ფორმალურად გახსნა, რაც ბლოკში გაწევრიანების მხრივ უკრაინისთვის მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
მე-6 კლასტერის გახსნა, რომელიც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს ეხება, მოიცავს პარამეტრებს კანდიდატი ქვეყნებისთვის, რათა მათ საკუთარი საერთაშორისო, სავაჭრო და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირთან თანხვედრაში მოიყვანონ.
"პირველი კლასტერის გახსნიდან სულ რაღაც ერთ თვეში ჩვენ დღეს მორიგ ეტაპს მივაღწიეთ ევროკავშირის წევრობისკენ უკრაინის გზაზე, საგარეო ურთიერთობებზე მორიგი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების კლასტერის გახსნით." – განაცხადა ევროპის საკითხებში ირლანდიის მინისტრმა, თომას ბირნემ.
მისი თქმით, "დღევანდელ რთულ პერიოდში გაფართოება სტრატეგიული ინვესტიციაა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე უკრაინისთვის."
მანამდე უკრაინისთვის მე-6 კლასტერის გახსნას ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ 10 ივლისს დაუჭირა. 10 ივლისს ბირნემ X-ზე დღევანდელ დღეს ევროკავშირის გაფართოების "სუპერ სამშაბათიც" კი უწოდა.
გასულ კვირაში EU-ს წევრი სახელმწიფოების ელჩები შეთანხმდნენ, რომ მე-6 კლასტერს მოლდოვისთვისაც გახსნიდნენ. ამას გარდა, შეთანხმების მიღწევა მოხდა მონტენეგროსთვის მე-8 და 29-ე თავების, ხოლო ალბანეთისთვის 25-ე, 26-ე და 30-ე თავების დახურვაზეც.
უკრაინასთან მოლაპარაკებების ფარგლებში გახსნილი მეექვსე კლასტერი ორ თავს ეხება. 30-ე თავი მოიცავს ევროკავშირის საერთო კომერციულ პოლიტიკას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და თანამშრომლობას განვითარების კუთხით და ის კანდიდატი სახელმწიფოსგან მოითხოვს თანხვედრას ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებებისა და საგარეო პოლიტიკის შესაბამისი პოლიტიკის მხრივ.
ხოლო 31-ე თავი საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას მოიცავს. ის მოითხოვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციებთან, პოლიტიკურ დეკლარაციებთან და სანქციების რეჟიმებთან ქვეყნის თანხვედრაში მოყვანას.
EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი ივნისის დასაწყისში აუნთო, მას შემდეგ, რაც კიევმა ეთნიკურად უნგრელი უმცირესობების უფლებების შესახებ ბუდაპეშტთან შეთანხმებას მიაღწია.
ევროკომისიამ ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია 2024 წლის 7 ივნისს გასცა. თუმცა, უნგრეთის პრემიერმინისტრის, პეტერ მადიარის წინამორბედი, ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხრივ პროგრესს წლების განმავლობაში ბლოკავდა და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უკრაინისგან მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდა.




