მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"არჩევნებამდე ცოცხალი აღარ გვეყოლება" – ექიმის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს. 

"მიშას აქვს სისხლის დაავადება, თალასემია. მე არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიაში და დღეს მომცა ამის გასაჯაროების უფლება. ამ სისხლის დაავადების დროს არ შეიძლება შიმშილი. [...] მისი მდგომარეობა გაუარესდა, საკმაოდ გაუარესდა. 2 დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ახლა უფრო რთულადაა საქმე. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი და ასე შემდეგ". – თქვა ყიფშიძემ მთავარ არხთან საუბარში.

ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს და მხოლოდ წყალს სვამს. მისივე თქმით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო.  

"დავჯექი და ავუხსენი ყველაფერი, რომ არ გამოვა ასე. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ არჩევნებამდე პრეზიდენტი ცოცხალი არ გვეყოლება, მეგობრებო, პირდაპირ ვამბობ ამას. ასე იქნება, თუ არაფერი არ მოხდა სხვანაირად. მიშა აპირებს, რომ აუცილებლად გამოვიდეს მის სასამართლოზე, რომელიც ჩანიშნულია 10 ნოემბერს. 10 ნოემბრამდე კი არა, 30 ოქტომბრამდე ვერ გაძლებს ეს კაცი. [...] შეიძლება, ხეიბარი გახდეს". – თქვა ყიფშიძემ.

პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-10 დღეა შიმშილობს.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები