მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მეუფე ნიკოლოზი და მელქისედეკი უერთდებიან

მეუფე ნიკოლოზი/მეუფე მელქისედეკი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლების მოთხვნით შედგენილ პეტიციას სასულიერო პირებიც უერთდებიან. დოკუმენტს ხელს აწერენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

ტელეკომპანია ფორმულასთან საუბრისას, მიტროპოლიტი ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლება არ უნდა დააკავოს და ეს ქვეყნის განვითარებისთვის სწორი გზაა.

"მე მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ესე უფრო სწორია, რომ ყოველი ახალი პრეზიდენტი წინა პრეზიდენტს ციხეში არ სვამდეს". - ამბობს მეუფე.

ასევე ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას ეპისკოპოსმა მელქიდესეკმა დაადასტურა, რომ მან პეტიციას ხელი მოაწერა და თქვა, რომ ვალდებულები არიან, რომ დაიცვან ასეთი თანამდებობის პირები.

"ვადასტურებ, რომ მოვაწერე ხელი. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ყველა ინსტიტუციას. ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ასეთი მაღალი თანამდებობის პირები". - ამბობს ეპისკოპოსი.

ამჟამად, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას 14 337 ხელმომწერი ჰყავს. 


 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

 

 


 

კომენტარები