მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხერხეულიძე: სააკაშვილმა ხუთი 50-მილიგრამიანი თაფლის ქილიდან ოთხი ადმინისტრაციას დაუბრუნა

ეკა ხერხეულიძე
ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ციხეში ნაყიდი თაფლის დარჩენილი ნაწილი უკან დააბრუნა. ამის შესახებ მან სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

"მინდა, გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რაც ბოლო პერიოდში ადმინისტრაციის მეშვეობით გავრცელდა საკვების მიღებასთან დაკავშირებით. ამ ამბის მთელი ანატომია ყოფილა ასეთი. როდესაც სააკაშვილის მოსანახულებლად დეპარტამენტის უფროსი შევიდა, ურჩია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა და უთქვამს, რომ თაფლი ერთი კოვზი შეგიძლია მიიღოო. ამის შემდეგ მას შეუძენია ხუთი ცალი 50მგ-იანი, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამით სპეკულირებენ და შეიძლება, ეს გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მაქვს და ოთხი ცალი აქტზე ხელისმოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ასე რომ, ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება. ხუთი ქილიდან ოთხი დააბრუნა".- ამბობს ეკა ხერხეულიძე. 

დღეს, 11 ოქტომბერს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თქვა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, როცა ადამიანი შიმშილობს, მაშინ ნახევარ კგ თაფლს არ უნდა მიირთმევდეს. 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს. მან ასევე თქვა, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, თალასემია, რომლის დროსაც შიმშილი არ შეიძლება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გუშინდელი განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-11 დღეა შიმშილობს.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

 

კომენტარები