კახეთის სტიქია

ნალექმა თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესები გაააქტიურა - სააგენტოს პირველადი შეფასება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"12 ივლისს, გამთენიისას, ქ. თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ.

თელავში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი.

პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.

მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკული მასის ერთობლიობამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა. მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა (ე.წ. ხერხეულიძის ღვარცოფდამჭერი) ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია: პირველმა თითქმის სრულად შეაკავა მსხვილი ხე-ტყის მასალა, მეორემ – მცირე რაოდენობის ხე-ტყის ნატანი, ხოლო მესამემ – ქვა-ღორღოვანი ფრაქცია. მიუხედავად ამისა, ნაკადის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად გამოიყენა ძველი გრუნტის გზა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია.

ქალაქის ტერიტორიაზე, მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო ღვარცოფული ნაკადის სრული გატარება და გადავიდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ღვარცოფული მასის ძირითადი აკუმულირება თელავის ქვედა ნაწილში, ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდებარედ დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას." - წერია სააგენტოს ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, თელავში მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა კახეთის რწმუნებულმა. პლატონ კალმახელიძის თქმით, "ზარალი იქნება დიდი."

ივანიშვილის ინფრაქტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ  "ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება" და რომ დამბებმა თავიანთი ფუნქცია შეასრულა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, "სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი თელავში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფისა და სალიკვიდაციო სამუშაოების ოპერატიული მართვის მიზნით შეიქმნა"

კომენტარები