ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაცვალებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამერიკამ დიდი პატრიოტი, ხოლო ისრაელმა აშშ-ისრაელის ალიანსის ერთ-ერთი დიდი ქომაგი დაკარგა". მისივე თქმით, გრემს ურყევად და გულწრფელად სწამდა, რომ აშშ-სა და ისრაელის უსაფრთხოების ინტერესები გადაჯაჭვულია და ამ შეხედულებას მტკიცედ იცავდა.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ გრემი მისთვის საყვარელი მეგობარიც იყო, "რომელსაც ათწლეულების განმავლობაში" იცნობდა.
"ვფიქრობ, ამერიკამ დიდი პატრიოტი, ხოლო ისრაელმა აშშ-ისრაელის ალიანსის ერთ-ერთი დიდი ქომაგი დაკარგა. გულწრფელად, საყვარელი მეგობარი დავკარგე, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ვიცნობდი. მისი მსგავსი უბრალოდ არავინ არ არის". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ გრემი სიკეთესა და ბოროტებას ერთმანეთისგან მკაფიოდ არჩევდა და ზუსტად იცოდა, "თუ სად დგას ირანის რეჟიმი". მისივე თქმით, ამ მიზეზით ისრაელში მის სიკვდილს გლოვობენ, ხოლო ირანში - ზეიმობენ.
ისრაელის პრემიერის თქმით, გრემი ამერიკელი პატრიოტი იყო და აშშ-ს "ტრადიციულ ღირებულებებს განასახიერებდა".
"ისრაელში გლოვაა, ირანში - ზეიმი. იმიტომ, რომ ლინდსი სიკეთესა და ბოროტებას ერთმანეთში არასდროს ურევდა. მან ზუსტად იცოდა, თუ სად დგას ირანის რეჟიმი. ფიქრობდა, რომ ის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა არა მხოლოდ ისრაელისთვისა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მოკავშირეებისთვის, არამედ თვითონ ამერიკისთვისაც. და ის უბრალოდ არასდროს მერყეობდა. ძალიან მკაფიო იყო, სიცხადე და სიმამაცე ახასიათებდა, მყარი შეხედულებები ჰქონდა, რომლებიც, მისი რწმენით, ამერიკას საფუძველში ედო. ყოველთვის ვიყენებ "სუპერმენის" კომიქსს, ხომ გახსოვთ: "თავისუფლება, სამართლიანობა და ამერიკული წესი". ის ამ ტრადიციულ ღირებულებებს განასახიერებდა და არასდროს კრთებოდა". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ გრემის გულწრფელობას გაზი გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის "პირდაპირ ლაპარაკობდა" და საკუთარ რწმენა-წარმოდგენებს საზოგადოებრივი განწყობის ცვლილების მიხედვით არ ცვლიდა.
"საკუთარი შეხედულებების შესახებ ძალიან გულწრფელი იყო. გასაოცარი რამ ლინდსი გრემზე ისაა, რომ პირდაპირ ლაპარაკობდა. მას ნათქვამი აქვს: "ღიად ვდგავარ ისრაელის გვერდით, ვიცი, რომ ეს მოდაში არ არის, მაგრამ არ მადარდებს". [...] სწამდა, რომ ისრაელისა და ამერიკის უსაფრთხოება გადაჯაჭვულია. ეს არ იყო უბრალოდ ინტერპრეტაცია ან რამე მსგავსი. ეს იყო რაღაც, რისიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ღრმად სწამდა". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა ასევე გაიხსენა, რომ გრემი ირანის წინააღმდეგ ოპერაციებს, "შუაღამის უროსა" და "აღმავალ ომს" მხარს უჭერდა და ნეთანიაჰუს უთხრა, რომ "ეს უნდა გაეკეთებინათ".
"ეს ბირთვული იარაღების პროგრამა მანამდე უნდა გაანადგუროთ, სანამ ჩვენ გაგვანადგურებენ". - თქვა გრემმა ნეთანიაჰუს მიხედვით.
ცნობისთვის, დღეს, 12 ივლისს აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოფისის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი მოულოდნელი ავადმყოფობა გახდა.




