თალიბანი

თალიბანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის უფლება ითხოვა

სუჰაილ შაჰინი
Reuters

თალიბანმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლის უფლება ითხოვა. ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ ხან მუთაკიმ შესაბამისი წერილი ორგანიზაციას ორშაბათს, 20 სექტემბერს გაუგზავნა. გაეროში თავის ელჩად ჯგუფმა თალიბანის სპიკერი სუჰაილ შაჰინი წარადგინა. თალიბანის თანახმად, ელჩი, რომელიც ავღანეთის ჩამოგდებულმა მთავრობამ დანიშნა, ქვეყნას აღარ წარმოადგენს.

თალიბანის თხოვნას გაეროს 9 წევრიანი კომიტეტი განიხილავს, რომელშიც აშშ, ჩინეთი და რუსეთიც შედიან. თუმცა ამ ქვეყნების წარმომადგენლები, სავარაუდოდ გენერალური ასამბლეის სესიის დასრულებამდე, 27 სექტემბრამდე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. შესაბამისად, ამ დრომდე გაეროში ავღანეთის ელჩად ღულამ ისაკზაი იქნება. ისაკზაი გენერალური ასამბლეის ბოლო დღეს, 27 სექტემბერს გეგმავს სიტყვით გამოსვლას. თალიბანი ამბობს, რომ მისი მისია ავღანეთს აღარ წარმოადგენს. დაჯგუფება აღნიშნავს, რომ რამდენიმე ქვეყანა ავღანეთის ლიდერად აშრაფ ღანის აღარ აღიარებს

1996-2001 წლებში, როდესაც ავღანეთს თალიბანი აკონტროლებდა, ყოფილი ხელისუფლების ელჩი გაეროში ავღანეთის წარმოამდგენლად რჩებოდა. გაეროში შეხვედრაზე კატარმა მსოფლიო ლიდერებს თალიბანთან მუშაობისკენ მოუწოდა

"მათ ბოიკოტირება მხოლოდ პოლარიზაციას და რეაქციებს გამოიწვევს, მაშინ როცა დიალოგი შესაძლოა ნაყოფიერი იყოს" – თქვა კატარის მმართველმა შეიხმა ტამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები