თალიბანი

UN: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბანმა არასასამართლო წესით ასობით ადამიანი მოკლა

თალიბანის წევრები 2021 წლის 19 აგვისტოს, ქაბულში ჩატარებულ პარადზე

გაეროს ცნობით, 2021 წლის 15 აგვისტოდან ავღანეთში ძალაუფლების აღების შემდეგ, თალიბანის მებრძოლებმა არასასამართლო წესით ასობით ადამიანი მოკლეს.

22 აგვისტოს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად ავღანეთში გაეროს დამხმარე მისიამ (UNAMA) 800 სავარაუდო დანაშაულს შორის, რომლებიც მოიცავს დაუსაბუთებელ დაპატიმრებას, არასათანადო მოპყრობას, წამებასა და გაუჩინარებას, 218-ზე მეტი არასამართლებრივი მკვლელობა დათვალა.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბანმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "საყოველთაო ამნისტია" გამოაცხადა და პირობა დადო, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საფრთხე არ ემუქრებოდათ, სწორედ ავღანეთის ეროვნული არმიის, პოლიციისა და უშიშროების ეროვნული სამმართველოს ყოფილი წევრები ყველაზე მეტად იდევნებოდნენ, განსაკუთრებით თალიბანის მმართველობის პირველ თვეებში.

"მოხსენება თალიბანის მიერ ქვეყანაზე კონტროლის დამყარების შემდეგ ავღანეთის ყოფილ მთავრობასა და უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებულ პირთა მოპყრობაზე გამოსაფხიზლებელ სურათს წარმოადგენს. უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი დაარწმუნეს, რომ მიზანში არ ამოიღებდნენ, ეს ხალხის ნდობის ღალატია". - თქვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა.


რადიკალი ისლამისტების ჯგუფმა თალიბანმა ავღანეთში ძალაუფლება 2021 წლის ზაფხულის ბოლოს დაიბრუნა და ავღანეთის საამიროს განახლება გამოაცხადა. ამ პერიოდში ქვეყანას აშშ-ს ძალები ტოვებდნენ. აქამდე არსებული ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მაღალჩინოსნები საზღვარგარეთ გაიქცნენ და უცხოეთში მყოფი მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს. ამის მიუხედავად, დასავლურ ქვეყნებში მდებარე ავღანეთის საელჩოებში მუშაობას ისლამური რესპუბლიკის დიპლომატები განაგრძობენ. თალიბანის მთავრობამ საერთაშორისო აღიარების მოპოვება ვერ შეძლო.

თალიბებმა ხელისუფლებაში მოსვლისას განაცხადეს, რომ ისინი მათი პირველი მმართველობის დროს არსებულ მკაცრ კანონებს აღარ დააწესებდნენ, თუმცა თანდათანობით უფრო და უფრო მეტი შეზღუდვა ამოქმედდა, განსაკუთრებით კი ქალებზე. 16 აგვისტოს ავღანეთში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა.

კომენტარები