ავღანეთი

პუტინი: რუსეთმა თალიბანთან ერთად უნდა იმუშაოს 

ვლადიმირ პუტინი და თალიბი მებრძოლი

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთმა ავღანეთის ახალ მთავრობასთან, თალიბანთან ერთად უნდა იმუშაოს. 

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის [SCO] კონფერენციაზე პუტინმა რეგიონში მშვიდობიანი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, ითანამშრომლოს ავღანეთის ახალ მთავრობასთან, რომელიც ტერორისტებითა და საერთაშორისო ძებნილებითაა შემდგარი. 

პუტინის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ თალიბანსა და ავღანეთზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხი უნდა განიხილოს და ახალ მთავრობას გაყინული აქტივები დაუბრუნოს. 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ბლოკადის მიზნით, აშშ-ს მთავრობამ თალიბანის კონტროლის ქვეშ არსებული ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა, რომელთა საერთო ღირებულება 9.5 მილიარდ დოლარს აღწევს.

ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, აჯმალ აჰმადის განმარტებით, დოლარის გადარიცხვა და ტრანზაქციები შეწყდა, თალიბანის ნებისმიერი მცდელობა – გამოიყენოს ბანკის მატერიალური აქტივები, აშშ-ს მიერ დაბლოკილია.

19 აგვისტოს კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთს 370 მილიონ დოლართან წვდომა შეუჩერა

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა ავღანეთში პროექტების დაფინანსება და დახმარების პაკეტები შეწყვიტა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, მათი მიზანია ავღანელი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა, თუმცა თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლა ფინანსური დახმარების მიზნობრივად გამოყენებას შეუძლებელს ხდის. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები