არჩევნები 2021

ნონიაშვილი: პარტიის წევრობამდე არასამთავრობოში მუშაობა არც დასამალია და არც რაიმე პრობლემა

ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი და ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ნონიაშვილი, ქართული ოცნების მიერ "ოპოზიციასთან აფილირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე" გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. მისი თქმით, პარტიის წევრობამდე არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა და ეს საჯარო ინფორმაციაა. 

"ქართულმა ოცნებამ ჩემზეც ისაუბრა და წარმოაჩინეს, რომ თითქოს მე ვარ აფილირებული ორგანიზაცია სირცხვილიასთან, მათგან განსხვავებით მეც და ბევრ სხვა ადამიანს აქვს წარსული და რეპუტაცია, მე წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით ვმუშაობდი მათ შორის ამ ორგანიზაციაში და ახლა ცხადია ვიცავ იმ წესს, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს არც სირცხვილიასთან და არც სხვა ჩემ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან, მაგრამ თავისი არსით ადამიანი პოლიტიკური პარტიის წევრობამდე, რომ მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში ეს არც დასამალია და არც რაიმე პრობლემას წარმოადგენს".- ამბობს ნონიაშვილი. 

მისივე თქმით, პრობლემა ის კი არ არის, რომ დამკვირვებლებს გააჩნიათ პოლიტიკური სიმპატიები და ამას ღიად აფიქსირებენ, პრობლემა იმაშია, რომ "ქართული ოცნება ღიად საკუთარ საარჩევნო კომისიის წევრებს აკომპლექტებს პარტიული წევრებით და კოორდინატორებით".

ქართული ოცნების წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც 2021 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდნენ და, რომლებიც, პარტიის ინფორმაციით, "პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან". მიქანაძე ამტკიცებს, რომ ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიზანი საარჩევნო უბნებზე "ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელებაა", რათა, მისივე სიტყვებით, საერთაშორისო პარტნიორებსა და მოქალაქეებს საარჩევნო პროცესის "ვითომდა კანონდარღვევით მიმდინარეობაზე" შეექმნათ შთაბეჭდილება.  

მიქანაძემ გიორგი ნონიაშვილზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ "ბმები არის პირდაპირ კავშირში იმასთან, თუ როგორ არის ვითომდა არასამთავრობო სექტორი, რომელიც რეალურად წარმოადგენს აფილირებულ ორგანიზაციებს კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური პარტიების, დაკავშირებული ამ კონკრეტულ პარტიებთან". 

"ვინ ვინ არის" - ამ სათაურით მიქანაძემ 15 ორგანიზაციაზე გაკეთებული პრეზენტაცია წარმოადგინა, რომლებიდანაც, მისივე თქმით, 12 ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, 3 კი ევროპულ საქართველოსთან არის დაკავშირებული. ქართული ოცნების მტკიცებით, ენმ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან საარჩევნო პროცესისთვის "ხელის შეშლას" გეგმავენ - სამოქალაქო პლატფორმა 20/20, ანტიკორუფციული მედია ცენტრი, ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის, აჭარის განვითარების ცენტრი, ალტერნატივა ნჯო, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა, ახალგაზრდა თაობა, დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა, ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის, მოძრაობა საქართველოს მომავლისთვის.

მიქანაძე ასევე ამტკიცებს, რომ ევროპულ საქართველოსთან 3 ორგანიზაციაა დაკავშირებული - დემოკრატიული საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე მარიამ მკალავიშვილია. ასევე, მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის, რომლის წევრი ელენე ოზაშვილია, დამფუძნებელი კი ზვიად ბოლოკაძე და ლაშა დიღმელაშვილი - საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის დამფუძნებელი


2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები