არჩევნები 2021

ბოკერია ოცნებაზე: სადამკვირვებლო ჯგუფის ოპოზიციასთან აფილირება არანაირი პრობლემა არ არის

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ "ოპოზიციასთან აფილირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე" გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. ბოკერიას შეფასებით, პრობლემა არა ორგანიზაციების რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირება, არამედ არჩევნების იმ ადამიანების ხელით გაყალბებაა, რომელსაც მმართველი პარტია ნეიტრალურად წარმოაჩენს.  

"ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, მით უმეტეს, ოპოზიციასთან, არანაირი პრობლემა არ არის. პრობლემა, თუ ეს ჯგუფი ან ადამიანი კანონდარღვევას სჩადის. პრობლემა არის ის, რაც ხდება არა ოპოზიციის ან თუნდაც მათთან დაკავშირებული რომელიმე ჯგუფის მიერ არჩევნების დროს, არამედ რასაც აკეთებს მთავრობა მისი კომისიის წევრებითა და დაკავშირებული პირებით - ძალადობა, ჩაყრა, კარუსელი, მანიპულაცია.  

თუ საზოგადოების მოტყუებაზეა საუბარი, აქ არაფერი დამალული არ არის, ეს ყველაფერი საჯაროა - ამ ჯგუფებიდან ერთ-ერთი ჯგუფის დამფუძნებელი ჩვენი პარტიის წევრი იყო მაშინაც და ეს ყველამ იცოდა, გამგეობის წევრი არის. პრობლემაა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის ნეიტრალურ წევრებად წარმოაჩენ და უმრავლესობის ნებით ნიშნავ ხალხს, რომელიც საჯაროდ ცნობილია, რომ აღმასრულებელი ვერტიკალის ნაწილია და გემორჩილება. როცა მთავრობა ხარ და ასეთ ჯგუფებს აძლევ ფულს, საბჭო რომ აქვთ ცესკოში შექმნილი, რომლებსაც წარმოაჩენ ნეიტრალურად, აი, ეს არის პრობლემა". - ამბობს ის. 

გიგა ბოკერიას თქმით, გიორგი ნონიაშვილის, ევროპული საქართველოს ახალი წევრის კარიერა ცნობილია და, მისივე სიტყვებით, ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ადამიანები სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებში არიან, შემდეგ კი პოლიტიკაში მიდიან.  

"ეს ნორმაა, ამის უამრავი მაგალითი არსებობს ყველა პარტიის მიმართულებით - ოცნებისაც, ნებისმიერი სხვა პარტიის. ეს არავისთვის არანაირი პრობლემა არ არის. ვიმეორებ, პრობლემა არის ძალადობა, ჩაყრა, მანიპულაციები, არჩევნების გაყალბება. როცა ამას აკეთებ ხალხის ხელით, რომლებსაც ნეიტრალურად წარმოაჩენ, ეს არის პრობლემა, დაკვირვება - არა". - ამბობს გიგა ბოკერია.  

ქართული ოცნების წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც 2021 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდნენ და, რომლებიც, პარტიის ინფორმაციით, "პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან". მიქანაძე ამტკიცებს, რომ ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიზანი საარჩევნო უბნებზე "ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელებაა", რათა, მისივე სიტყვებით, საერთაშორისო პარტნიორებსა და მოქალაქეებს საარჩევნო პროცესის "ვითომდა კანონდარღვევით მიმდინარეობაზე" შეექმნათ შთაბეჭდილება.  

"ვინ ვინ არის" - ამ სათაურით მიქანაძემ 15 ორგანიზაციაზე გაკეთებული პრეზენტაცია წარმოადგინა, რომლებიდანაც, მისივე თქმით, 12 ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, 3 კი ევროპულ საქართველოსთან არის დაკავშირებული. ქართული ოცნების მტკიცებით, ენმ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან საარჩევნო პროცესისთვის "ხელის შეშლას" გეგმავენ - სამოქალაქო პლატფორმა 20/20, ანტიკორუფციული მედია ცენტრი, ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის, აჭარის განვითარების ცენტრი, ალტერნატივა ნჯო, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა, ახალგაზრდა თაობა, დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა, ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის, მოძრაობა საქართველოს მომავლისთვის.

მიქანაძე ასევე ამტკიცებს, რომ ევროპულ საქართველოსთან 3 ორგანიზაციაა დაკავშირებული - დემოკრატიული საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე მარიამ მკალავიშვილია. ასევე, მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის, რომლის წევრი ელენე ოზაშვილია, დამფუძნებელი კი ზვიად ბოლოკაძე და ლაშა დიღმელაშვილი - საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის დამფუძნებელი

"ჩვენ გავაგრძელებთ დარჩენილი 3 კვირის განმავლობაში აქტიურ მიყურადებას იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იქნება დარეგისტრირებული, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე ვამხილოთ ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან არა რეალურად დაკვირვებაზე ორიენტირებული, არამედ დესტრუქციაზე და ისინი წარმოადგენენ ფილიალებს იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ემზადება არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ ემზადება 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის". - ამბობს გივი მიქანაძე. 


2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები