არჩევნები 2021

ხოშტარია გლდანში, ნონიაშვილი ჩუღურეთში, ყურუა საბურთალოზე – ოპოზიციის ნაწილის კანდიდატები

ტაბულა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, დროამ და გირჩი – მეტი თავისუფლებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს:

  • მთაწმინდა – თენგო კირთაძე (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • საბურთალო – ბორის ყურუა (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • დიდუბე – ნიკა მოსიაშვილი (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • ნაძალადევი – ბადრი გრიგალაშვილი (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • ჩუღურეთი – გიორგი ნონიაშვილი (ევროპული საქართველო)
  • ისანი – ბესო დონაძე (ევროპული საქართველო)
  • სამგორი – დათო ჟღენტი (ევროპული საქართველო)
  • ვაკე – ბათუ ქუთელია (დროა)
  • კრწანისი – თაზო ახობაძე (დროა)
  • გლდანი – ელენე ხოშტარია (დროა)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებს. პარტია მხარს ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, რომელმაც თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ – დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე წარადგინა.

ენმ-მ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატები 29 მუნიციპალიტეტში უკვე წარადგინა.

ევროპულ საქართველოს მერობის კანდიდატი 14 ქალაქში ეყოლება, აქედან 2 – შეთანხმებული. პარტია 16 რეგიონულ მუნიციპალიტეტში მხარს კოორდინირებული ოპოზოზიციის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, მათგან 12 ენმ-ს კანდიდატია. 


2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები