რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით იერიშს რუსეთმა "უპრეცედენტო" უწოდა

AP Photo

რუსული მხარის ცნობით, ვლადიმირ პუტინის მასპინძლობით სანქტ-პეტერბურგში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ბოლო დღეს უკრაინამ ქალაქის სიახლოვეს რუსულ სამიზნეებზე დრონებით "უპრეცედენტო იერიში" მიიტანა.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს მიხედვით, რეგიონის მასშტაბით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 140-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს, ხოლო სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა, 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთში საბრძოლო მასალების საწყობებსა და საზღვაო ბაზას დრონებით დაარტყეს, რაც მისი თქმით, რუსულ თავდასხმებზე უკრაინის პასუხი იყო. 

უკრაინამ სანქტ-პეტერბურგზე იერიშები წინა დღეებშიც მიიტანა, მათ შორის, ფორუმის გახსნის დღესაც, რის ფარგლებშიც უკრაინულმა ძალებმა ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყეს. აღნიშნული ობიექტი რუსეთში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობსაწყობსა და საექსპორტო ობიექტს წარმოადგენს. 

მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიშების პასუხად განაცხადა, რომ უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის გაგრძელების მიზანიც ასეთი თავდასხმების თავიდან არიდებაა".

კომენტარები