არჩევნები 2021

NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა

ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. საბოლოო ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები "კონკურენტული და ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო", საარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ გარემოს, ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

პროცესის შეფასებისას NDI-მ ორი მთავარი მიგნება გამოყო. პირველი, თვითმმართველობის არჩევნებზე ეროვნული დონის საკითხები დომინირებდა, რამაც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები გადაფარა; და მეორე, არჩევნები მეტწილად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა, ამომრჩევლებისა და კანდიდატების შევიწროების შესახებ წუხილები კვლავ აქტუალურია. 

როგორც NDI წერს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წესი, მოქალაქეები ადგილობრივ საჭიროებებსა და მმართველობაზე ფოკუსირდებიან, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ ხმების 43%-ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების პერსპექტივამ, პოლიტიკური ფსონები ყველა მხარისთვის გაზარდა. 

"უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა. საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა. 

არჩევნებამდე, არჩევნების დროს და შემდგომ პოლიტიკური აქტორების გარკვეული ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ამცირებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა წარმომადგენლებმა არჩევნებს შორის პერიოდში თავიანთი პასუხისმგებლობა შეასრულონ და ამომრჩეველთა ინტერესები გაატარონ. საჯარო თანამდებობის პირებს ინკლუზიური და პლურალისტური პრინციპებით მოქმედების ვალდებულება ეკისრებათ. ეს ანგარიშვალდებული მმართველობისთვის აუცილებელი ნაწილია, რაც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. 

საჭიროა კეთილსინდისიერი ძალისხმევის გამოჩენა, პოლიტიკური განხეთქილების გადალახვა და შიდა პოლიტიკური რეფლექსია, რათა მომდევნო საარჩევნო ციკლის წინ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა იქნეს უზრუნველყოფილი". – წერია NDI-ის შეჯამებაში. 

მასალა განახლებადია

კომენტარები