არჩევნები 2021

2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ

ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობდა 43 პოლიტიკური პარტია და 68 დამოუკიდებელი კანდიდატი. 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 28 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, შემოსავლის ძირითადი წყარო კი საბიუჯეტო დაფინანსება და შემოწირულებებია. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი პარტიების ბიუჯეტს თითქმის ორჯერ აღემატება, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, რომელიც საარჩევნო გარემოს აზიანებს.

შემოსავლები 

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლების 65% ქართულ ოცნებაზე მოდიოდა, რომლის ბიუჯეტი 2021 წელს 18 მილიონ ლარს აღწევდა. მეორე ადგილს 3 მილიონი ლარით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იკავებს, მესამეს კი - 2.5 მილიონი ლარით პარტია ლელო

სუბიექტების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 85% (23.7 მილიონი ლარი) კერძო შემოწირულებებსა და საბანკო სესხებზე მოდიოდა, ხოლო სახელმწიფო დაფინანსებაზე - 15% (4.1 მილიონი ლარი). 

 

ხარჯები

საარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 27 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. გაწეული ხარჯების 67% ქართულ ოცნებაზე მოდის, რომელმაც 2021 წლის არჩევნებზე თითქმის 18 მილიონი ლარი დახარჯა. მეორე ადგილზე 3 მილიონი ლარის ხარჯით ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, მესამეზე კი 2.5 მილიონით - ლელო.  

საარჩევნო სუბიექტების მთლიანი ხარჯების 65% (17.5 მლნ ლარი) რეკლამაზე მოდიოდა. სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო ოფისისა და იჯარის ხარჯი (მთლიანი ხარჯების 13%) და შრომის ანაზღაურება (5%). 

რეკლამაზე ყველაზე მეტი - 12.5 მილიონი ლარი ქართულმა ოცნებამ დახარჯა, რაც საარჩევნო სუბიექტების ჯამურ სარეკლამო ხარჯების 72%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე (7.9 მლნ ლარი) დაიხარჯა, შემდეგ კი 3.8 მილიონი ლარით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების მოდის. 

"გარე რეკლამის ხარჯის უდიდესი ნაწილი - 90% ქართულ ოცნებაზე მოდიოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორ საარჩევნო სუბიექტს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პატრიოტთა ალიანსს ფინანსურ დეკლარაციაში გარე რეკლამის ხარჯი არ ჰქონდა მითითებული, მაშინ როდესაც დამკვირვებლებმა თბილისში ამ სუბიექტების სარეკლამო ბილბორდები დააფიქსირეს". – წერია TI-ს ანგარიშში.

კომენტარები