არჩევნები 2021

ობოლაძე ოცნებაზე: არჩევნებზე დაკვირვება პრობლემაა? იდარდოს მან, ვინც გაყალბებას აპირებს

მთავარი/კადრი ვიდეოდან

ერთიანი ნაცონალური მოძრაობის წევრი, ნიკა ობოლაძე სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ქართული ოცნების მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს ეხმაურება და ამბობს, რომ ორგანიზაციების წევრთა პოლიტიკურ პარტიებთან სიახლოვე პრობლემა არ არის, "პრობლემა ისაა, როდესაც ადამიანები აყალბებენ არჩევნებს. პრობლემაა, როდესაც მუშაობენ შავი ფულით, სუს-ით".

"ხელისუფლებაში არის არაადეკვატური ხალხი, მაშინ, როდესაც არის პანდემია და უცხოელი დამკვირვებლების რაოდენობა მცირე იქნება, როცა ხელისუფლებამ მიშელის დოკუმენტზე უარი თქვა და ცესკოს თავმჯდომარე არის პარტიული ნიშნით დანიშნული, გამოდიან და აწყობენ ბრიფინგს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი აპირებს არჩევნებზე დაკვირვებას. ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი აპირებს არჩევნებზე დაკვირვებას. ამაში პრობლემა რა არის? არჩევნებზე დაკვირვებაში კი არ არის პრობლემა, პრობლემა ისაა, როდესაც ადამიანები აყალბებენ არჩევნებს. პრობლემაა, როდესაც მუშაობენ შავი ფულით, სუს-ით, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე არის არჩეული პარტიული წესით. თუ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი აპირებს, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, ეს ძალიან კარგია, უნდა იდარდოს მან, ვინც აპირებს გაყალბებას და არა მან, ვინც აპირებს დაკვირვებას. გაყალბება არ იყოს პრობლემა და დაკვირვება იყოს - ასეთი დონის თავხედობა ჩვენი ხელისუფლების მხრიდანაც კი ზედმეტია". - ამბობს ობოლაძე ტაბულასთან

ნიკა ობოლაძის თქმით, ის, ადამიანები, ვისაც სურთ, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყოს და არჩევნები არ გაყალბდეს, შეიძლება, რომ დაახლოებული იყვნენ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან - მხარს უჭერდნენ პარტიებს და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. 

"ეს არ მოდის არანაირ წინააღმდეგობაში არც კანონთან, არც მორალთან, პირიქით, ადამიანები ვისაც სურთ დემოკრატია, აკვირდებიან არჩევნებს და, ამავდროულად, შეიძლება იყვნენ რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭეერები. ეს პრაქტიკა, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებში არსებობს.  

პრობლემა არის მაშინ, როდესაც ,მთავრობა და არასამთავრობო სექტორი, სიტყვებშიც რომ ჩანს, რომ ერთნი არ უნდა იყვნენ, ერთი ფორმით გამოდიან - სინამდვილეში, მთავრობა გამოდის, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის სახელით და იყენებს მათი სახელით ზონდერ ჯგუფებს, გამყალბებლებს, ადმინისტრაციულ რესურსს. პრობლემაა, როდესაც არასამთავრობო სექტორს ხელისუფლება და მთავრობა იყენებს არასწორად.

ქართული ოცნების წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც 2021 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდნენ და, რომლებიც, პარტიის ინფორმაციით, "პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან". მიქანაძე ამტკიცებს, რომ ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიზანი საარჩევნო უბნებზე "ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელებაა", რათა, მისივე სიტყვებით, საერთაშორისო პარტნიორებსა და მოქალაქეებს საარჩევნო პროცესის "ვითომდა კანონდარღვევით მიმდინარეობაზე" შეექმნათ შთაბეჭდილება.  

"ვინ ვინ არის" - ამ სათაურით მიქანაძემ 15 ორგანიზაციაზე გაკეთებული პრეზენტაცია წარმოადგინა, რომლებიდანაც, მისივე თქმით, 12 ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, 3 კი ევროპულ საქართველოსთან არის დაკავშირებული. ქართული ოცნების მტკიცებით, ენმ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან საარჩევნო პროცესისთვის "ხელის შეშლას" გეგმავენ - სამოქალაქო პლატფორმა 20/20, ანტიკორუფციული მედია ცენტრი, ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის, აჭარის განვითარების ცენტრი, ალტერნატივა ნჯო, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა, ახალგაზრდა თაობა, დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა, ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის, მოძრაობა საქართველოს მომავლისთვის.

მიქანაძე ასევე ამტკიცებს, რომ ევროპულ საქართველოსთან 3 ორგანიზაციაა დაკავშირებული - დემოკრატიული საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე მარიამ მკალავიშვილია. ასევე, მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის, რომლის წევრი ელენე ოზაშვილია, დამფუძნებელი კი ზვიად ბოლოკაძე და ლაშა დიღმელაშვილი - საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის დამფუძნებელი

"ჩვენ გავაგრძელებთ დარჩენილი 3 კვირის განმავლობაში აქტიურ მიყურადებას იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იქნება დარეგისტრირებული, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე ვამხილოთ ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან არა რეალურად დაკვირვებაზე ორიენტირებული, არამედ დესტრუქციაზე და ისინი წარმოადგენენ ფილიალებს იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ემზადება არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ ემზადება 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის". - ამბობს გივი მიქანაძე. 


2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები