სომხეთის საპარლამენტო არჩევნები

მედვედევი: სომხეთის არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება, რადგან, მედვედევის თქმით, პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კონკურენტების მოშორებას ცდილობს.

"ფაშინიანმა შეცდომა დაუშვა და ახლა ცდილობს, რომ არჩევნებში ყველა მეტოქე მოიშოროს. ასეთი არჩევნები, ცხადია, ლეგიტიმურად არ ჩაითვლება. ვაშინგტონი და ბრიუსელიც კი არ აპატიებენ მსგავს ქმედებებს." – დაწერა მედვედევმა X-ზე. 

7 ივნისს სომხეთში გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რის ფარგლებშიც ერთმანეთს ნიკოლ ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო კონტრაქტი," რომელიც დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს, ძირითადად პრორუსულ ოპოზიციურ პარტიებს დაუპირისპირდება. წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებს, რომ მმართველი პარტია ხმების ყველაზე დიდ რაოდენობას მიიღებს, თუმცა, მან შესაძლოა, კონსტიტუციური ცვლილებების გატარებისთვის საჭირო ორ მესამედიანი უმრავლესობა ვერ მოიპოვოს. 

მანამდე მედვედევი ფაშინიანს ბოლშევიკი რევოლუციონერი ლევ ტროცკის ბედისწერით დაემუქრა. კრემლის მიერ კონტროლირებულ სოციალურ ქსელ MAX-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, თან ერთოდა სომხეთის ტერიტორიების დაკარგვის მუქარაც. 

კომენტარები