თბილისის აეროპორტში დაკავებული FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი რუსეთის მოქალაქე, ტატიანა კურაშკევიჩია.
როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერაძემ ტაბულას უთხრა, კურაშკევიჩმა არ იცოდა, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულს ედავებიან სანქციების გვერდის ავლით თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილების რუსეთში ექსპორტს. ბრალდებებს კურაშკევიჩი უარყოფს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სასამართლოში განიხილება მხოლოდ ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემა.
"საქართველოში არაფერს არ ედავებიან, ამერიკაში აქვთ ბრალდებები წაყენებული, სანქციების სიაში არსებული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებით. საქართველოში უბრალოდ ჩამოვიდა ტურისტული მიზნით და ინტერპოლით ყოფილა ძებნილი, აქ დააკავეს და დაიწყება ექსტრადირების პროცედურები. არ იცოდა, რომ ძებნა იყო გამოცხადებული. ჩვენი საქმე აქ ის არის უბრალოდ, რომ გადაეცემა თუ არ გადაეცემა ამერიკას. აქ საერთოდ არ განიხილება ის ბრალდებები, რაც იქ აქვს წაყენებული.
ამ ეტაპისთვის ძალიან მცირე მასალები აქვთ მოწოდებული ამერიკიდან და როცა დაიწყება საექსტრადაციო პროცედურები, უფრო მეტი მასალა ჩამოვა. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს სასამართლოების კომპეტენციაში არ შედის იმის განხილვა, იქ ჩაიდინა თუ არა დანაშაული. აქ უნდა განიხილონ უბრალოდ, რამდენად მიზანშეწონილია მისი გადაცემა. […] ედავებიან თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილების, რომელსაც რუსეთი ამერიკიდან ყუდულობდა და შემდეგ სანქციებით აიკრძალა, რუსეთში ექსპორტს." - თქვა ადვოკატმა.
ტატიანა კურაშკევიჩს თბილისის სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კურაშკევიჩის დაკავებას რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ევა მერკაჩევა გამოეხმაურა. მისი თქმით, კურაშკევიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი და საერთაშორისო ვაჭრობის ექსპერტია. მერკაჩევას განცხადებით, სანქციების გვერდის ავლასა და სხვა ფინანსურ დანაშაულებებში წაყენებული ბრალდებების გამო ტატიანა კურაშკევას აშშ-ში 70 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო.




