ავღანეთი

თალიბები ამბობენ, რომ პანჯშირი დაიკავეს, ამ ცნობას წინააღმდეგობის წევრები უარყოფენ

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლები პანჯშირში

გამოცემა Reuters-ის ცნობით, მათ თალიბანიდან სამმა წყარომ უთხრა, რომ დაჯგუფებამ პანჯშირის ხეობაზე კონტროლი მოიპოვა.

"ყოვლისშემძლე ალაჰის წყალობით, ჩვენ მთელ ავღანეთს ვაკონტროლებთ. საქმის გამრთულებლები დამარცხებულები არიან და პანჯშირს ჩვენ ვაკონტროლებთ" – თქვა გამოცემასთან თალიბანის ერთ-ერთმა გენერალმა.

ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც საზეიმო სროლაა ასახული, რაც ჩათვალეს, რომ პანჯშირზე კონტროლის მოპოვების აღნიშნვა იყო. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ინდოელი ჟურნალისტი Twitter-ზე წერს, ამ სროლით თალიბები მთავრობის მეთაურად მოლა აბდულ ღანი ბარადარის დანიშნვას ზეიმობენ.

BBC World-ის ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ავღანეთის ყოფილი მთავრობის ვიცეპრეზიდენტისა და წინააღმდეგობის ფრონტის ერთ-ერთი ლიდერის, ამრულა სალეჰის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მან თალიბანის გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"ცნობები ავღანეთიდან ჩემი გაქცევის შესახებ უსაფუძვლოა. მე აქ ვარ. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მართლაც რთულ სიტუაციაში ვართ. თავს გვესხმის თალიბანი, მათი ალ-კაიდას მოკავშირეები, ტერორისტები რეგიონიდან და უფრო შორიდან, როგორც ყოველთვის პაკისტანის მხარდაჭერით. ჩვენ მედგრად ვიდექით, წინააღმდეგობა გავუწიეთ. წინააღმდეგობა არ აპირებს დანებებას, არ მოიხრის ქედს ტერორიზმის წინაშე და ის გაგრძელდება. არის სირთულეები, მაგრამ მე არ გავქცეულვარ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავიქეცი ან დამჭრეს, ცრუ ინფორმაციაა". – ამბობს ამრულა სალეჰი ვიდეოჩანაწერში.

ასევე, მან Twitter-ზე დაწერა: "წინააღმდეგობა გრძელდება და გაგრძელდება. მე აქ ვარ, ჩემს მიწაზე, ჩემი მიწისთვის და მისი ღირსების დასაცავად".

პანჯშირის დაცემას უარყოფს აჰმად მასუდი და ამრულა სალეჰის შვილიც. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები