პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: მიშელმა მიანიშნა – ოცნების გადაწყვეტილებას, გადახიოს ვალდებულება, დიდი ფასი ექნება

"ოცნების გადაწყვეტილებას, რომ, პრაქტიკულად, გადახიოს საერთაშორისო ვალდებულება, ძალიან დიდი ფასი ექნება. ეს მინიშნება იყო მიშელის მხრიდან". – ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.

"ჩვენ თუ არ ვანახებთ, რომ დიახ, არც 43% იქნება, არც უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას და არ არის ლეგიტიმური - ამას თუ არ დავდებთ, არაფერი სიტუაციას არ უშველის. ჩვენი ამოცანა არის არა ის, რომ საქართველოს დახმარება არ ჰქონდეს, არამედ ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია ისე შეიცვალოს, რომ რაც შეიძლება მეტი დახმარება ჰქონდეს და მოქალაქეებამდე მეტი სიკეთე მივიდეს ევროკავშირიდან". – ამბობს ელენე ხოშტარია. 

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელის კიევში გუშინ, 23 აგვისტოს შეხვდა. შარლ მიშელმა დაწერა, რომ დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება, საქართველოს მთავრობამ კი შეთანხმების ერთგულება უნდა აჩვენოს. ღარიბაშვილის მტკიცებით კი შარლ მიშელი "კიდევ ერთხელ დაარწმუნა", რომ შეთანხმების დღის წესრიგის ერთგულები არიან.  

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები