ელჩი: ვისაც შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, მოაწეროს, ვინც მოაწერა, პირობები შეასრულოს

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ყველა პარტნიორის განცხადებაში, ისევე, როგორც საელჩოს განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ საქართველოს მეგობრები ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების გამო იმედგაცრუებულები არიან. 

ელჩის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმება საუკეთესო გზამკვლელია, რომელიც ქართველმა ლიდერებმა 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეათანხმეს, რათა ჩატარებულიყო ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს სჭირდება. 

"ყველა განცხადებაში, რომელიც წავიკითხე, მათ შორის, ჩვენს განცხადებაში, მკაფიოდაა აღნიშნული, თუ რამდენად იმედგაცრუებული არიან საქართველოს მეგობრები იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, გავიდეს ამ შეთანხმებიდან. 

ეს არის საუკეთესო გზამკვლევი, რომელიც ქართველმა ლიდერებმა 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეათანხმეს იმ რეფორმების ჩასატარებლად, რომელიც საქართველოს სჭირდება. 

შეთანხმების იდეა და ღირებულება მდგომარეობდა იმაში, რომ მხარეებმა შეათანხმეს ის ერთად და ერთად აიღეს ვალდებულება, რომ შეასრულონ რეფორმები. ჩვენი იმედია, რომ ეს შეთანხმება გააგრძელებს გარკვეული სტრუქტურისა და ჩარჩოს უზრუნველყოფას მხარეების ერთად მუშაობისთვის". – ამბობს კელი დეგნანი. ტაბულა საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანს ეყრდნობა. 

ამასთან, ელჩის თქმით, სანქციების დაკისრებაზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ ვნახავთ 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერების მხრიდან ვალდებულებების შესრულების კეთილსინდისიერების ვალდებულებას. 

"ჩემი აზრით, სანქციებზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ ვიხილავთ ამ შეთანხმების ხელმომწერების მხრიდან ვალდებულებების შესრულების კეთილსინდისიერების ნაკლებობას. კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომელსაც ჯერ არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებისთვის, ხელი მოაწერონ მას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება. თუმცა, ამავე დროს, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დადეს პირობა და აიღეს ვალდებულება, შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები". – ამბობს ელჩი. 


ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები