გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველო

თურმე რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა - პაპუაშვილი "სიძულვილის ენაზე"

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ სამმართველოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "თურმე რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა" 

პაპუაშვილის განცხადებით, სიძულვილის წახალისება, რომელიც დღეს "იქცა სიმბოლოდ პროევროპულობისა", სინამდვილეში არის ერების დაქვემდებარების ინსტრუმენტი.

"ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც ჩანს და მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ სამმართველოს ამოქმედებიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიებში და აღმოჩნდა, რომ თურმე რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა, თურმე როგორ გვახვევდნენ თავს გამოხატვის თავისუფლების სახელით სინამდვილეში დაპირისპირების და საზოგადოების გავლენის ქვეშ მოქცევის ინსტრუმენტს. 

ის პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რომში მოქმედებდა, ის პრინციპი მოქმედებს დღესაც - დაყავი და იბატონე. ასე გვყოფდნენ, რომ ებატონათ ჩვენზე და გამოერეცხათ ტვინები ადამიანებისთვის და დაემორჩილებინათ მათი გენერალური ხაზისთვის, ვინაიდან სიძულვილის ენის მთავარი მიზანი იყო ადამიანების დათრგუნვა, ბულინგი, რომ მათ საკუთარი აზრი არ გამოეხატათ, მათ შორის, სოციალურ მედიაში ამ ბულინგის შედეგად, ეს მოგვიტანა ამ პროევროპულმა მიდგომებმა, ვითომ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

თქვენ ნახეთ, რომ მაისში საია დამარცხდა სტრასბურგში, სწორედ იმიტომ, რომ იცავდა სიძულვილის ენას და სტრასბურგმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი და საია ვისი ფულით აკეთებდა ამას? ბრიუსელის დაფინანსებით ცდილობდა საქართველოში ლანძღვის, გინების, სიძულვილის ენის დაცვას და დამკვიდრებას.

არ ვიცი, ეს თუ არ რცხვენია იმ ელჩებს, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციას და ასეთი მხილება, რომ მათი ფულით იყო მცდელობა არა მხოლოდ წახალისება, არამედ როცა ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია, ეს რეაქცია დაეთრგუნათ იმისთვის, რომ ჰქონოდათ მეტი შესაძლებლობა სიძულვილის, ამაში დახარჯეს მოქალაქეების ფული, გადასახადის გადამხდელების ფულს ხარჯავდნენ სიძულვილის ლეგალიზებაში და ნორმალიზებაში, ასე რომ, აქაც დადასტურდა თუ ვის მხარეზე დგას უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები და კარგია რომ სტრასბირგმა ამ ყველაფერს პასუხი გასცა." - ამბობს პაპუაშვილი. 

ოცნებამ შსს-ში ახალი სპეციალური სამმართველო შექმნა, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაა"

22 ივნისს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ისეთი ქმედებები, რომელიც სხვა ადამიანის ღირსებას ლახავს.

"თითქმის ყველა განცხადება, რომელზეც მოხდა რეაგირება, ეს იყო ლანძღვა-გინება, უხამსობები. შეიძლება ადამიანმა გააკრიტიკოს კონკრეტული პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილები, მაგრამ აქ არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უხამსობა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება." - ამბობს დარახველიძე. 

კომენტარები