შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კობახიძე: 95%-ით გამოვრიცხავ, რომ 2024-მდე რაიმე საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება

ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე "არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული". კობახიძე 95%-ით გამორიცხავს, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. 

"არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება მიბმული ჩვენი შესაძლო თეორიული გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. გუშინ ნახევრად ხუმრობით და, პრინციპში, სერიოზულადაც ვთქვი, რომ მაშინაც კი, თუ ლელოსავით მივიღებთ 3%-ს, თუნდაც ლეიბორისტული პარტიასავით 1%-ს, მაშინაც კი არ დავნიშნავთ ჩვენ რიგგარეშე არჩევნებს. ანუ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული არჩევნების დანიშვნა - გინდა მივიღოთ 3%, გინდა 83%. თვითმმართველობის არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, რიგგარეშე არჩევნები არცერთ შემთხვევაში არ დაინიშნება.  

[...] თუ დავინახავთ, რომ ჯანსაღი კოალიციის ჩამოყალიბება შესაძლებელია, მაშინ ნებისმიერ დროს შეიძლება... უახლოეს 2 და 4 თვეში, ბუნებრივია, ამის კონტურები ვერ გამოიკვეთება, მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით განვითარდება, დიდწილად, გავლენას მოახდენს თვითმმართველობის არჩევნების შედეგები, 2024 წელს ვნახოთ, რა იქნება. თუ ყველაფერს კომპლექსურად გავაანალიზებთ, მინიმუმ, 95%-ით შეგვიძლია, გამოვრიცხოთ ის, რომ 2024 წლამდე რაიმე საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება". - ამბობს ირაკლი კობახიძე იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.  

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები