შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

აშშ-ს საელჩო ანულირებაზე: ძალზედ გაბრაზებული და შეწუხებული ვართ ოცნების გადაწყვეტილებით

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. საელჩოს შეფასებით, პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილებით აშშ "ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია". ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეშფოთება უფრო მეტად ღრმავდება უკან გადადგმული ნაბიჯების გამო და კითხვებს აჩენს ოცნების მიერ დემოკრატიული მიზნების ერთგულების მიმართ.

"ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია ქართული ოცნების ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან, სულ მცირე, ექვსი პარტიის ას თხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა იმ ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკან გადადგმული ნაბიჯების გამო". - წერია განცხადებაში. 

აშშ-ის საელჩო წერს, რომ დოკუმენტზე ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე, მაშინ, როდესაც პარტნიორები აგრძელებენ "დაჟინებულ მოთხოვნას", რომ მას ყველა პარტიამ მოაწეროს ხელი და სრულად შეასრულოს. საელჩოს შეფასებით, ოცნების მიერ შეთანხმებიდან გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა მოლაპარაკებების სულისკვეთებიდან. 

"მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს ქართული ოცნების ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნებისა, რომლებიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის.

საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად. დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლობიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას". - ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო წერს, რომ შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომლებიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად. მათივე შეფასებით, რეფორმები სასწრაფო და აუცილებელია.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას", ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპულ ერთა ოჯახში საქართველოს დროული ინტეგრაციისთვის". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

შარლ მიშელის მრჩეველმა, იურეკ კუჩკიევიჩმა გუშინ, 28 ივლისს დაწერა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარეებთან კონსულტაციას გადის და ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს. 

კომენტარები