პრაიდის კვირეული

გოლეთიანი: პრაიდის ორგანიზატორები და აქციის მოძალადე ნაწილი ერთმანეთს კვებავენ

ტაბულა

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობს, რომ პრაიდის წინააღმდეგ ყოველთვის არსებობდა პროტესტი, რასაც საჭიროდაც მიიჩნევს, რადგან მისთვის პრაიდის თემა უკავშირდება ზნეობას და ყველა იმ საკითხს, რაც ფუნდამენტად უდევს სახელმწიფოს.

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რატომ არსებობს პროტესტი პრაიდთან დაკავშირებით, როგორც პრო-პრაიდის მხარდამჭერი ადამიანები ამბობენ, რომ რატომ არსებობს პროტესტი  – ეს მგონია, საერთოდ, არასერიოზული დაყენებაა საკითხის და ვფიქრობ, რომ განხილვადაც არ ღირს. იმიტომ, რომ ეს პროტესტი პრაიდის მისამართით ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს იმიტომ, რომ ეს არის გარკვეულწილად ზნეობის საკითხი და კიდევ სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რაც ფუნდამენტად უდევს სახელმწიფოს, ამიტომ ვთვლით, რომ ეს პროტესტი საჭიროც არის, არსებობდა და იარსებებს". - ამბობს ვარლამ გოლეთიანი

გარდა ამისა, გოლეთიანის ამბობს, რომ პრაიდის ორგანიზატორები და პუტინისტი, მოძალადე დაჯგუფებები, საბოლოო ჯამში, ერთმანეთს კვებავენ. ასევე, გოლეთიანი მიიჩნევს, რომ უნდა გაიმიჯნოს პროტესტის მონაწილე ის ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს ტაძრის ეზოში იდგნენ.

"თუმცა საკითხი დგას ახლა იმაზე, თუ ვლაპარაკობთ, როგორ უნდა იყოს გამოხატული ეს პროტესტი, აქ შეიძლება დავსვათ გარკვეული კითხვის ნიშნები. ის, რაც ვნახეთ  5 ივლისის აქციაზე, ვგულისხმობ ფიზიკურ ანგარიშსწორებებს, რა თქმა უნდა, აქ ბევრი პრობლემაა. სწორედ ეს არის საკვების მიცემა იმ მხარეზე, რომელიც აინიცირებს ამ ღონისძიებას, ვგულისხმობ პრაიდის ორგანიზატორებს და ეს არის ძალადობრივი დაპირისპირება მათი მისამართით, რაც კვებავს იმ პროცესს, თავის მხრივ. საბოლოო ჯამში ვიღებთ ისეთ სურათს, რომ ინიციატორები ამ ღონისძიების და მოძალადე ნაწილი, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ამა თუ იმ პერსონას, საბოლოო ჯამში, ალბათ, ერთმანეთს კვებავენ. ერთად თანაარსებობს ეს ორი პროცესი, ანუ გავმიჯნავდი იმ ნაწილს, რომელიც ტაძრის ეზოში იდგა და ლოცვას ესწრებოდა, თავიდან ბოლომდე გავმიჯნავ“ – ამბობს გოლეთიანი.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. 

6 ივლისს პარლამენტის წინ გაიმართა მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდნენ ევროპული საქართველოგირჩი - მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. 

5 ივლისს პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა

თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

16 ივლისს სამართალდამცველებმა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლიც გაჩხრიკეს. მისი ცოლის ინფორმაციით, პოლიცია დილით ცხრის ნახევარზე შევიდა, ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციამ მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანა.

გაჩხრიკეს ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ ვის სახლებში მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა უწყებაში ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 5-6 ივლისის მოვლენებს ეხება. ორკებმა სამმართველო უკვე დატოვეს.

კომენტარები