პრაიდის კვირეული

რელიგიათა საბჭო: ვგმობთ ძალადობას, ვეწინააღმდეგებით რელიგიურ გრძნობებზე კანონის მიღებას

რელიგიათა საბჭო
tolerantoba.ge

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 5 ივლისის ძალადობას გმობს და არ მიესალმება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის ინიციატივას. რელიგიური გაერთიანებების შეფასებით, ასეთი კანონი და ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება  საზოგადოების განვითარებაზე. 

"ჩვენ, რელიგიათა საბჭოში წარმოდგენილი რელიგიური გაერთიანებები, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას იმ მასობრივი ძალადობის გამო, რაც თბილისში, 5-6 ივლისს ვიხილეთ. ჰომოფობიური საბაბით, ასევე სიძულვილის სხვა გამოვლინების გამო, ნაცემია 50 - ზე მეტი ჟურნალისტი, ნაცემი არიან მოზარდები, ქალები, მძიმედ დაჭრეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამავდროულად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოხსნეს და დახიეს ევროკავშირის დროშა.

ჩვენც, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ხშირად, ბევრად თუ ნაკლებად, განგვიცდია შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დისკრიმინაცია, უფლებათა შეზღუდვა, შეურაცხყოფა, ძალადობა. ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის უფლებების დაცვის სურვილის გამო, რას ნიშნავს, იყო დევნილი და შევიწროებული.

ამიტომ, ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მასობრივი ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს. ამგვარი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ძალადობა ანგრევს მშვიდობასა და თესავს ქაოსს.

ამავდროულად, 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე გაჟღერდა ინიციატივა ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ. რელიგიათა საბჭოს წევრები, ვეწინააღმდეგებით ამგვარი კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონი, ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე. 

რელიგიათა საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას რელიგიისა და მორალის სახელით მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და შეურაცხყოფის გამო. მიგვაჩნია, რომ ძალადობის კულტივაცია დამღუპველია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის - მოძალადისა და ძალადობის ინსპირატორისთვისაც" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ქართველ მუსლიმთა კავშირი, ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, სახარების რწმენის ეკლესია, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია, ევანგელურ–ლუთერული ეკლესია, ევანგელისტური ეკლესია, ევანგელურ- პროტესტანტული ეკლესია, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, ხსნის არმია, ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია, სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება, მეგობართა საზოგადოება - კვაკერები, აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება, მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

მეორე დღეს, პარლამენტის წინ გაიმართა მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდნენ ევროპული საქართველოგირჩი - მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად პუტინისტი, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას მართავდნენ. რუსთაველზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. პუტინისტური ჯგუფების წევრები მდუმარე აქციის მონაწილეებს მეტალის ნაჭრებს, შუშებსა და ქვებს ესროდნენ. მოგვიანებით, მათ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფებების 100 წევრი ადმინისტრაციული წესით, ხოლო 2 – ბრალდებულის სახით დააკავა. ჯამში, 10 ივლისის მდგომარეობით, ჟურნალისტებზე ძალადობისთვის და Tbilisi Pride-ს ოფისზე თავდასხმისთვის დაკავებულია 20 ორკი. აქედან 15-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. ერთს ბრალი წარდგენილი აქვს, დანარჩენ ოთხს კი უახლოეს საათებში წარუდგენენ.

კომენტარები